ლიმფანგიტი

ლიმფანგიტი – (ქირურგ.) ლიმფური ძარღვების ანთება, უხშირესად გამოწვეულია სტაფილოკოკებით და სტრეპტოკოკებით, რომლებიც ლიმფური ძარღვის სანათურში იჭრებიან კანის ზედაპირული დაზიანებიდან (ნაფხანი, ნაკაწრი, ფურუნკული).

სიმპტომები, მიმდინარეობა. ზედაპირულად დაზიანებული კანის ამა თუ იმ უბანზე დაჭიმულობის შეგრძნება, ქავილი და წვა. აღინიშნება სხვადასხვა ხასიათის კანის სიწითლე მკვეთრი საზღვრების გარეშე, სიგრძივი წითელი ზოლები. პალპაციით აღინიშნება გამკვრივება, მტკივნეულობა, სიმძიმის შეგრძნება კანზე, წითელი ზოლების გაყოლებაზე. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა მატულობს.

მკურნალობა. წოლითი რეჟიმი. ზედა კიდურების ლინფანგიტისათვის ნაჩვენებია არტაშნის ნახვევის დადება, ქვედა კიდურების ლიმფანგიტის დროს – კიდურის მაღლა აწევა.

ადგილობრივად გამოიყენება თბილი და მალამოს კომპრესები, აგრეთვე სულფანილამიდური პრეპარატები სქემის მიხედვით, ანტიბიოტიკები (მიკროფლორის მგრძნობელობის განსაზღვრის მიხედვით). ანთების ძირითადი კერის მკურნალობა.

ბმულები: თურმანიძის ანტისეპტიკური მალამო


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი