განგრენა

განგრენა – ქსოვილების კვდომა სხვადასხვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორების ზეგავლენით; აღნიშნულ ფაქტორებს მიეკუთვნებიან: არტერიული სისხლის მიწოდების შეწყვეტა სისხლძარღვის დახშობის, მკვეთრი შევიწროების ან ხანგრძლივი სპაზმის შედეგად, კაპილარებში ვენური სისხლის უკუდინებისა და სისხლმომარაგების შეწყვეტა, ქსოვილებზე შხამიანი ნივთიერებების, პათოგენური მიკრობების ცვლის პროდუქტების, ელექტროძაბვის, მაღალი ტემპერატურის უშუალო ზემოქმედება. განარჩევენ განგრენის ორ ძირითად კლინიკურ ფორმას: მშრალი განგრენა ანუ ქსოვილების მუმიფიკაცია, და სველი განგრენა. მშრალი განგრენა ვითარდება იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება სისხლის მიმოქცევის უეცარი და სრული შეწყვეტა, რაც ხელს უწყობს ქსოვილების სწრაფ გამოშრობას და მკვდარი უბნის ზედაპირიდან სითხის აორთქლებას. ქსოვილი ხდება მკვრივი, მაგარი კონსისტენციის, მშრალი და შავი ფერის (ნახშირის მსგავსი). მკვდარი უბნის საზღვარზე ვლინდება გრანულაციური ქსოვილი და დემარკაციული ხაზი, რომელიც თანდათანობით სცილდება ზედაპირს. სველი განგრენა ვითარდება, როდესაც ნეკროზირებული უბნის ზედაპირიდან აორთქლება შეფერხებულია და აღინიშნება ჩირქოვანი ან ლპობითი ინფექციით განპირობებული ანთებითი პროცესი. სველი განგრენის დროს ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის გამოვლინებები, ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება, ტკივილები. ადგილობრივად აღინიშნება ქსოვილების შეშუპება, კანზე მუქი – წაბლისფერი ლაქები, ბუშტუკები წაბლისფერი, სისხლიანი შიგთავსით, ქსოვილების ლპობითი დაშლის უბნები მკვეთრი არასასიამოვნო სუნით. დემარკაციული ხაზი არ წარმოიქმნება. მკურნალობა. მშრალი განგრენის დროს თავდაპირველად, ტარდება კონსერვატიული თერაპია: ასეპტიკური ნახვევები, ღონისძიებები, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლმომარაგებასა და ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას. დემარკაციული ხაზის გაჩენისთანავე ხდება მკვდარი ქსოვილების მოცილება. სველი განგრენის დროს მხოლოდ პროცესის დასაწყისში ტარდება კონსერვატიული მკურნალობა: ასეპტიკური გამომშრობი ნახვევები, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდური პრეპარატები, ზოგადგამაჟანსაღებელი საშუალებები. აუცილებელია ავადმყოფის ზოგად მდგომარეობაზე ყურადღებით დაკვირვება. ინტოქსიკაციის განვითარებისთანავე ნაჩვენებია კიდურის ამპუტაცია.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი