ბლეფარიტი

ბლეფარიტი – ქუთუთოების კიდეების ანთება. ეტიოლოგია მრავალფეროვანია: ქრონიკული ინფექციური და ინფექციურ – ალერგიული დაავადებები, ჰიპოვიტამინოზები, ანემიები, ჭიით ინვაზიები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, ასევე კბილების, ხახის დაავადებები. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია არაკორეგირებული ამეტროპია, ქრონიკული კონიუნქტივიტები, საცრემლე გზების დაავადებები, ქარის, მტვრის, ბოლის ზემოქმედება. სიმპტომები, მიმდინარეობა. განასხვავებენ მარტივ, წყლულოვან და მეიბომურ ბლეფარიტებს. მარტივი ბლეფარიტის დროს ქუთუთოების კიდეები უმნიშვნელოდაა ჰიპერემიული, ზოგჯერ გასქელებულია, დაფარულია წვრილი მორუხო – თეთრი ფერის ქერცლებით; აღინიშნება ქუთუთოების ქავილი. წყლულოვანი ბლეფარიტის დროს დამახასიათებელია ქუთუთოს კიდეებზე ჩირქოვანი ქერქები, რომელთა მოცილების შემდეგ ვლინდება სისხლმდენი წყლულები. მათი დანაწიბურება იწვევს წამწამების დაცვენას, მათ არასწორად ზრდას. მეიბომური ბლეფარიტის დროს ქუთუთოების კიდეები ჰიპერემიული, გასქელებული, თითქოსდა ზეთოვანია. დაჭერისას გამოდის ზეთოვანი სეკრეტი. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად. მკურნალობა. ავადმყოფის გამოკვლევის შემდეგ ინიშნება გამაკაჟებელი ღონისძიებები; ვიტამინებით მდიდარი საკვები, სათანადო ჰიგიენური პირობები; ამეტროპიის სწორი კორექცია.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი