ანორგაზმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანორგაზმია – ყველაზე უფრო ხშირი ფრიგიდულობის გამოვლინება, განპირობებული სქესობრივი ურთიერთობების დისჰარმონიით. შესაძლებელია წარმოიქმნას მამაკაცის ნაადრევი თესლის დაღვრის, შეწყვეტილი სქესობრივი აქტის, ქალის არასაკმარისი ფსიქოეროტიკული მომზადების, არასწორად შერჩეული პოზის შედეგად. გარდა ამისა, ქალი, როგორც სექსუალური პარტნიორი უფრო დამოკიდებულია მამაკაცზე, რომელიც განსაზღვრავს სქესობრივი აქტის ჩატარების სიხშირეს, რიტმს, ფორმას, ხოლო ქცევის სოციალური ნორმები, განპირობებული სქესობრივი აღზრდით, ყოველთვის არ აძლევს ქალს შეიტანოს კორექტივები პარტნიორის სექსუალურ ქცევაში, რის შედეგადაც ეროგენული ზონები ვერ ღებულობენ საკმარის სტიმულაციას. მაგალითად, დაახლოებით ჯანმრთელი ქალების 25% – ში მაღალმგრძნობიარე ეროგენულ ზონას წარმოადგენს კლიტორის მიდამო, მაშინ როდესაც საშო ნაკლებმგრძნობიარეა; ეს ქალები ორგაზმს განიცდიან კლიტორის დამატებითი გაღიზიანების დროს. ქალების დიდ ნაწილში მეტად მგრძნობიარეა საშოს გარეთა მესამედი, მაშინ, როდესაც საშვილოსნო და საშოს ღრმა ნაწილები ნაკლებმგრძნობიარეა. ორგაზმისა და სექსუალური ლტოლვის არარსებობა არაიშვიათად დაკავშირებულია პუბერტატული და ფსიქოსექსუალური განვითარების შეფერხებასთან. ასეთ დროს ლტოლვა ატარებს მოუმწიფებელ ხასიათს: ის ჩერდება ეროტულ ან პლატონურ სტადიებზე, და ორგაზმის არარსებობა შერწყმულია დაკმაყოფილებასთან ემოციურ დონეზე. სიმპტომები პათოგენეზზე და დარღვევების ხანგრძლივობაზე დამოკიდებულებით ვარირებს ფართო საზღვრებში. მაგალითად დეპრესიის განვითარების დროს თავდაპირველად შესაძლებელია დაქვეითდეს და გაქრეს მხოლოდ სქესობრივი ლტოლვა, შემდეგ ქვეითდება შეგრძნებების სიმძაფრე და ორგაზმი იშვიათი ხდება ან საერთოდ ქრება. ეროგენული ზონების არასაკმარისი სტიმულაციის დროს ფრიგიდულობა პირველად შესაძლებელია გამოვლინდეს მხოლოდ ორგაზმის არარსებობით, ხოლო შემდეგში შესაძლოა გამოიწვიოს ნევროზული მდგომარეობა, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და სქესობრივი აქტი არასასიამოვნი ხდება. გვხვდება ნიმფომანური ფრიგიდულობის რთული ვარიანტი, რომლის დროსაც სქესობრივი ლტოლვა გაძლიერებულია, მაგრამ ორგაზმი არ დგება, მიუხედავად ხანგრძლივი სტიმულაციისა და აგზნებისა. შვილოსნობის ფუნქცია ფრიგიდულობის დროს დარღვეული არ არის. დიაგნოზი ეყრდნობა ჩივილებს, ანამნეზს, ობიექტური დათვალიერების შედეგებს; კვლევის ლაბორატორიულ მეთოდებს მხოლოდ დამხმარე მნიშვნელობა აქვს. მკურნალობა ეტიოპათოგენეტიკური, კომპლექსური, ეტაპური, მკაცრად ინდივიდუალურია, მიმართულია ოპტიმალური პირობების შექმნისაკენ ქალის სექსუალური ცხოვრების გამოსავლენად. წამყვანი როლი აქვს რაციონალურ ფსიქოთერაპიას. პროფილაქტიკა ითვალისწინებს სწორ სქესობრივ აღზრდას და დაავადების დროულ და გამოვლენასა და მკურნალობას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2. სამედიცინო ლიტერატურა
3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4. დიეტები 5. ორსულობა და მშობიარობა