ანთებითი დაავადებები გინეკოლოგიურ ავადმყოფებში

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანთებითი დაავადებები გინეკოლოგიურ ავადმყოფებში – (გინეკ.) სასქესო ორგანოების სხვა დაავადებებზე გაცილებით ხშირად გვხვდება. მათი გამომწვევები შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ბაქტერიები: სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ნაწლავის ეშერიხია, გონოკოკი, ტუბერკულოზური ჩხირი (მიკობაქტერია), ტრიქომონადები, სოკოები, აგრეთვე ანაერობული ბაქტერიები და სხ. ანთებითი პროცესის განვითარება და მიმდინარეობა დამოკიდებულია გამომწვევის ხასიათზე და განსაკუთრებით ქალის ორგანიზმის დამცველობით ძალებზე. ორგანიზმის დამცველობითი სისტემის მოშლის შედეგად შესაძლოა განვითარდეს პროცესის გენერალიზაცია (სეფსისი). ანთებითი პროცესის მიმდინარეობაში განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სტადიებს. სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს ხშირად გააჩნიათ ხანგრძლივი მიმდინარეობა. ხანგრძლივად მიმდინარე ანთებითი პროცესის განმეორებითი გამწვავებების შედეგად, არც თუ იშვიათად, ქვეითდება თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის გლუკოკორტიკოიდული ფუნქცია და იცვლება ჰიპოფიზის გონადოტროპული ფუნქცია, ზოგჯერ აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების, ცნს – ის დარღვევის ნიშნები, მათ თან სდევს სხვადასხვა სისხლძარღვოვანი მოშლილობები. შიგნითა სასქესო ორგანოების (საშვილოსნო, საკვერცხეები, მილები, მენჯის პერიტონეუმი) ანთებით დაავადებებს თან სდევს მენსტრუალური (მენსტუაციის სხვადასხვა დარღვევები) და შვილოსნობის ფუნქციების (უშვილობა, თვითნებური აბორტი და სხ.) დარღვევები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი