ანგიოტროფონევროზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ანგიოტროფონევროზები – (angiotrophoneurosis; ბერძ. Angeion სისხლძარღვი, trophe კვება; სინ.: სისხლძარღვოვან – ტროფიკული ნევროზები, სისხლძარღვოვან – ტროფიკული ნევროპათიები) დაავადებები, რომლებიც ვითარდებიან ორგანოებისა და ქსოვილების ვაზომოტორული და ტროფიკული ინერვაციის მოშლის შედეგად. ანგიოტროფონევროზების სიმპტომატიკა მრავალფეროვანია. ავადმყოფთა ერთ ნაწილს აღენიშნება ვაზომოტორული დარღვევები, მეორეს – ტროფიკული, მესამეს – ორივე სახის. ანგიოტროფონევროზების დროს თითქმის ყოველთვის აღინიშნება სისხლის მიმოქცევის მოშლა და დისტროფული მოვლენები კიდურებში. ხშირია სპასტიკური ფორმები, მაგ. რეინოს დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურის დისტალური ნაწილების ვაზომოტორული ინერვაციის მოშლის შეტევებით. ნაკლებად გამოხატრული ფორმაა აკროციანოზი და აკროასფიქსია. ავადმყოფებს ამ დროს აღენიშნებათ ხელის მტევნების სილურჯე, გაცივება, ჰიპერჰიდროზი, ასევე ქსოვილების ატროფია ან ჰიპერტროფია. ანგიოტროფონევროზების იმ ფორმებიდან, რომელთაც საფუძვლად უდევთ სისხლძარღვთა გაფართოება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერითრომელალგიას, რომელიც ხასიათდება არტერიოლებისა და კაპილარების გაფართოებით. ცალკე ჯგუფში შედის ლიპოდისტროფია, რომელიც ხასიათდება სხეულის ზედა ნახევრის კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ატროფიით. აღწერილია სიცივითი ანგიოტროფონევროზები, რომელთა შორის აღსანიშნავია სიცივითი ერითროციანოზი და გვხვდება 16 – 19 წლის ასაკის გოგონებში. პროფესიონალურ ანგიოტროფონევროზებს მიეკუთვნება ასევე ვიბრაციული დაავადების დროს განვითარებული ანგიოტროფონევროზი

გაფრთხილება!

ბმულები: 1. ლალი დათეშიძის საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა 3. საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი