მიკოპლაზმოზი

მიკოპლაზმოზი mycoplasmosis

მიკოპლაზმოზი მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევენ მიკოპლაზმები. მიმდინარეობს უპირატესად მწვავე რესპირატორული დაავადებისა და პნევმონიის სახით, იშვიათად ზიანდება სხვა ორგანოებიც.

მიკოპლაზმოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. სასუნთქი ორგანოების დაზიანება განპირობებულია პნევმონიის მიკოპლაზმით. M. hominis და Т-მიკოპლაზმები პარაზიტობენ შარდსასქესო ორგანოებში.მიკოპლაზმები მდგრადია სულფანილამიდური პრეპარატების, პენიცილინის, სტრეპტომიცინის მიმართ, მგრძნობიარენი არიან ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი. ინფექციის შეჭრის კარია რესპირატორული ან შარდსასქესო ტრაქტის ლორწოვანი გარსები (მიკოპლაზმის სახეობის მიხედვით), სადაც ვითარდება ანთებითი პროცესი. გამომწვევის გადაცემა ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით ან სქესობრივი კონტაქტის დროს. ორსულებში შესაძლებელია ნაყოფის მუცელშიგა ინიფიცირება.

მიკოპლაზმოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 4-დან 25 დღემდე (ხშირად 7-14 დღე). ინფექცია მიმდინარეობს მწვავე რესპირატორული დაავადების, მწვავე პნევმონიის, აბაქტერიული ურეთრიტის, გინეკოლოგიური ანთებითი დაავადებების სახით. მიკოპლაზმური მწვავე რესპირატორული დაავადებისათვის დამახასიათებელია ექსუდაციური ფარინგიტი და რინოფარინგიტები. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა სუბფერილურია. მწვავე პნევმონიები იწყება შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით, ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით. ფიზიკალური და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით მიკოპლაზმური პნევმონიები მცირედ განსხვავდებიან მწვავე ბაქტერიული პნევმონიებისაგან.

მიკოპლაზმოზი დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება სეროლოგიური რეაქციები; დიაგნოზი ზუსტდება ანტისხეულების ტიტრის მატებით 4-ჯერ და მეტად. შარდსასქესო მიკოპლაზმოზის დიაგნოსტირებისათვის გამოიყენება მიკოპლაზმების გამოყოფა.

მიკოპლაზმოზი – მკურნალობა. ინიშნება ანტიბიოტიკები. პნევმონიების დროს ტარდება პათოგენეტიკური თერაპიის მთლიანი კომპლექსი (ოქსიგენოთერაპია, ბრონქოდილატატორები, სამკურნალო ფიზკულტურა და სხვ.).

მიკოპლაზმოზი – პროგნოზიკეთილსაიმედოა. პროფილაქტიკა: ავადმყოფები საჭიროებენ იზოლაციას 2-3 კვირით.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მიკოპლაზმოზი – ადამიანის გავრცელებული ინფექციური დაავადებები, რომელთაც იწვევს ბაქტერიები – მიკოპოლაზმები. ინფექციის გამოწვევის წყაროა მხოლოდ ადამიანი გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი, სქესობრივი და ვერტიკალური, ანუ დედიდან ნაყოფზე, გზით.

კლინიკურად ვლინდება მწვავე რესპირატორული დაავადების, პნევმონიის, ურეთრიტის, მენინგიტის ფორმით. დიაგნოზი დასტურდება მიკრობიოლოგიური და იმუნოლოგიური მეთოდებით.

გაფრთხილება!