საერთო მასაჟი

მასაჟს, რომლის გაკეთების დროსაც მთელი სხეული მუშავდება, საერთო მასაჟი ეწოდება. მასაჟის გაკეთების ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა სახის მასაჟი კეთდება, ასევე – ადამიანის სხეულის წონაზე, მის ასაკზე, სქესსა და სხვა თავისებურებებზე. საერთო მასაჟის გაკეთების დროს აუცილებელია მასაჟის ხერხების თანმიმდევრობის ზუსტი დაცვა. თავიდან სრულდება ხელის პერიოდული გადასმა, შემდეგ დაჭიმვა, დაზელვა, ამის შემდეგ კი დარბილება და ვიბრაციის ხერხები გამოიყენება. პროცედურა მთავრდება ე.წ. ხელის პერიოდული გადასმით.

როგორც წესი, მასაჟს იწყებენ სხეულის მოზრდილი ნაწილებიდან და მსხვილი კუნთებიდან. ამიტომ, უკეთესია, თუ მასაჟს დავიწყებთ ზურგითა და ბეჭებით. შემდეგ გადავდივართ კისერსა და ხელებზე. მოსახერხებელია, თუ კისერსა და ზურგს ცალ–ცალკე დავამუშავებთ. მარცხენა და მარჯვენა ხელებიც ცალ–ცალკე მუშავდება. ამის შემდეგ მასაჟი კეთდება მენჯის არეში, დუნდულებსა და გვერდებზე. ამ მონაკვეთების დამუშავების შემდეგ, გადადიან მუხლებზე, ფეხის კუნთებზე, ქუსლის მყესებზე, ტერფებზე.

საერთო მასაჟის შემდგომი ეტაპი ითვალისწინებს ფეხის თითების, კანჭ–წვივის მყესების და თავად კანჭების (ამ დროს ადამიანი ზურგზე უნდა იწვეს) დამუშავებას. ხოლო ამის შემდეგ მასაჟი კეთდება მუხლის მყესებსა და გვერდით ნაწილებზე. როდესაც სხეულის ქვედა ნაწილებს დავამთავრებთ, ვიწყებთ გულ–მკერდის ერთი ნაწილისა და ჩვენთან ახლოს მდებარე ხელის დამუშავებას. როდესაც მოვრჩებით, გადავდივართ მეორე ხელსა და გულ–მკერდის მეორე ნაწილზე. საერთო მასაჟის ბოლო ეტაპია მუცლის მასაჟი.

________________________________________

სტატია მოამზადა გიორგი გერგეშელიძემ

..