საზამთროს ბეკმესი

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში პირველად აღმოვაჩინე საზამთროს წვენი, ე.წ. ბეკმესი. მას საზამთროს თაფლსაც უწოდებენ.
ზოგადად, ბეკმესი არის მოხარშული კონცენტრირებული ხილის წვენი (შეიძლება იყოს საზამთროს, ნესვის, ვაშლის, მსხლის, ყურძნის), რომელსაც წყალთან ერთად სვამენ. შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებსა და ვიტამინებს. ბეკმესს იყენებენ საკონდიტრო წარმოებაში, მეღვინეობაში, ასევე, როგორც საკვებ და სამკურნალო საშუალებას.


საზამთრო ხომ ბევრ მაგნიუმს შეიცავს და, რაც მთავარია, ეს სასარგებლო ელემენტი არ იკარგება სტერილიზებულ წვენშიც. საზამთრო დადებით გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე. განსაკუთრებით სასარგებლოა თირკმლების სხვადასხვა დაავადების დროს, ასევე მაღალი ნერვული აღგზნებისას ბავშვებში.
გთავაზობთ საზამთროს მოხარშული (კონცენტრირებული) წვენის რეცეპტს. ის მოსახერხებელია შესანახად და დიდ ადგილსაც არ იკავებს.
მომზადების წესი:
მწიფე საზამთროს რბილობი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჭურჭელში მოვათავსოთ (სჯობს ხის ჭურჭელი, თუმცა სხვაც შეგვიძლია გამოვიყენოთ), მერე კი ჩავჭყლიტოთ სუფთა ხის კოვზით. შეიძლება ბლენდერიც გამოვიყენოთ. მიღებული წვენი გადავწუროთ წვრილ საცერში, რომ კურკებისგან და რბილობის დარჩენილი ნაწილებიგან გავასუფთავოთ, ჩავასხათ არაღრმა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე დავდგათ, თან ხის კოვზით ვურიოთ. ვადუღოთ მანამ, სანამ წვენი თაფლის სისქის არ გახდება. მზა ბეკმესი ჩავასხათ სუფთა ქილებში და კარგად დავახუროთ თავი. შევინახოთ მშრალ და გრილ ადგილას.
კარგად მოხარშულ ბეკმესი სქელი სიროფის მაგვარი მასა უნდა იყოს, სასიამოვნო არომატით.
საზამთროს ნაცვლად შეიძლება ნესვიც გამოვიყენოთ.
3 ჩაის კოვზი ბეკმესი გავხსნათ არატკბილ სასმელში (მაგ. შავი მოცვის ან ჩირის ნაყენი) ან წყალში და მივცეთ ბავშვს დღეში ორჯერ.

….

წყარო: www.puphynuphy.ge