შევიცნობ სამყაროს

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

სიცოცხლის პირველივე დღეებიდან პატარა ბავშვი მთელი თავისი არსებით სამყაროს შეცნობისკენ არის მომართული. დედასთან ურთიერთობა: ფიზიკური შეხება, მოფერება, კოცნა, დარწევა, მისი ალერსიანი ხმა-ყველაფერი ეს ჩვილს პირველი აქტიური ქმედებებისკენ განაწყობს.
პატარა ამ ასაკში სწავლობს ახლობელ ადამიანთა მიმართ თავისი დადებითი ემოციური განწყობის გამოხატვას. ამ ეტაპზე ეყრება სწორედ საფუძველი ბავშვის სამყაროსადმი ნდობას. ამიტომ ახალშობილი განუწყვეტლივ უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით იმყოფებიან მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანები.

პატარა ბავშვის შემეცნებითი აქტივობა დაკავშირებულია იმასთან, რამდენად აქტიურად ურთიერთობს ის გარე სამყაროსთან. ის რეაგირებს დედის ხმაზე, მისი სუნთქვის რიტმზე, ადამიანთა სახის გამომეტყველებაზე, ხმაურზე, მუსიკაზე, სუნზე. მისი თვალთახედვის არეში ყოველი ახალი საგნის გაჩენა გრძნობათა საოცარ მოზღვავებას იწვევს. ბავშვის ამგვარ რეაქციას “სიახლეებზე რეაგირებას” უწოდებენ. სწორედ ეს ფენომენი ასაზრდოებს პატარას უდიდეს ინტერესს გარესამყაროს მიმართ. სწორედ მის საფუძველზე უყალიბდება ბავშვს პირველი საგნობრივი და სათამაშო ქმედებები.
საგნებთან ურთიერთქმედების განვითარება იწყება მაშინ, როდესაც ბავშვი ცდილობს სათამაშოს აღებას. ამ ეტაპს წინ უსწრებს ბავშვის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, როგორიცაა: ბგერის წყაროს მიმართ თავის და თვალების მოძრაობა, მის თავზე დაკიდული სათამაშოების და საკუთარი ხელების დათვალიერება, საინტერესო საგნისკენ ხელის მიზანმიმართული მოძრაობა.
3-დან 7 თვემდე ასაკში, მაშინ, როდესაც ბავშვი სწავლობს ერთი საგნის ხელში დაჭერას, მეორე საგანს ის ამ დროს ვერ ამჩნევს. იმ შემთხვევაში, თუ მისი ყურადღება მეორე საგანზე მაინც გადაერთო, მისი ხელის მტევანი უნებლიეთ დუნდება და საგანი ძირს ვარდება. ამ ეტაპზე ყოველი ნივთი, რომელიც პატარას ხელში უვარდება, გადის შეცნობის აუცილებელ ეტაპებს: პირისკენ მიაქანებს, ხელიდან ხელში გადააქვს, ძირს აგდებს, არხევს, ათვალიერებს, ურახუნებს და აშ.
8 თვის ასაკისთვის ბავშვის საგნებთან ურთიერთობა უფრო სრულყოფილ სახეს იძენს და მისი შემეცნებითი აქტივობა დღითიდღე იზრდება. ბავშვი სწავლობს სათამაშოების გადაადგილებას და ეცნობა სხვადასხვა ბგერებს, რომლებიც მიიღება მათზე ამა თუ იმ ზემოქმედების შედეგად (რხევის, დაგდების, კაკუნის და სხვა). ამ პერიოდში ვითარდება ბავშვის ორ საგანთან ერთდროული ქმედების უნარი: ის სწავლობს კოლოფებიდან და ქილებიდან სახურავების და ხუფების მოხსნას, სათამაშოების კოლოფიდან გადმოყრას, პირამიდიდან რგოლების მოხსნას.
9-10-ე თვის თავზე ბავშვის მოქმედებათა რეპერტუარი გაცილებით რთულდება, ამას ხელს უწყობს ბავშვის გაზრდილი შემეცნებითი შესაძლებლობების გაჩენა. პატარას ახლა უკვე არა მხოლოდ კოლოფების გახსნა შეუძლია, არამედ მათი დახურვაც, კარადების გაღება-მიხურვა, მას შეუძლია საბავშვო ვედროდან ან კოლოფიდან საგნების გადმოღება და მათი ხელახალი ჩაწყობა. პატარა ბავშვი იწყებს ერთი და იგივე ქმედებების განხორციელებას სხვადასხვა საგნებთან და სხვადასხვა ქმედებების განხორცილებას ერთსა და იმავე საგანთან. მეტყველების გაგების უნარის გაჩენასთან ერთად ბავშვს შეუძლია მოზრდილი ადამიანის ზოგიერთი მარტივი თხოვნის შესრულება, მაგალითად, კუბიკის კუბიკზე დადება, პირამიდის ღერძზე რგოლების ჩამოცმევა, სათამაშოს ხელში მიცემა და სხვა. ამ ასაკობრივ ეტაპზე ინტენსიურად ვითარდება სიუჟეტური თამაშის უნარი, როდესაც ბავშვი მოზრდილის თხოვნით (ან სათამაშოს დანახვაზე) იწყებს მის გამოყენებას დანიშნულებისამებრ, ისე როგორც ასწავლეს. ბავშვი ატარებს მანქანას, აჭმევს და აძინებს თოჯინას. ამავე დროს ცდილობს გადაიტანოს ერთ სათამაშოსთან ათვისებული ქმედებები მეორეზე.
ორი წლის ბავშვი ნამდვილი მკვლევარი ხდება. მას აინტერესებს ყველა და ყველაფერი- ოჯახის წევრებიდან დაწყებული კარადების შიგთავსით დამთავრებული.
პატარა ისწრაფვის დასახული მიზნის მიღწევისკენ და დადებითი შედეგის მისაღებად შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება: ჯოხი, ზონარი, კოვზი. თანდათანობით იწყებს საგანთა ფუნქციონალური დანიშნულების გაცნობას (კოვზით ვჭამთ, სავარცხლით თმას ვივარცხნით, ნიჩაბით მიწას ვთხრით).
ბავშვს საყვარელ სათამაშოსთან თამაშის დროს შეუძლია განახორციელოს ჯერ ორი ქმედებისგან შემდგარი, შემდეგ კი 4-5 ქმედებისგან შემდგარი სიუჟეტი. თამაშის დროს ის იმეორებს საკუთარი ცხოვრების სცენებს: თოჯინას აჭმევს ისე, როგორც ჩვეულებრივ მას აჭმევენ, აბანავებს ისე, როგორც მას აბანავებენ.
ორი წლის ასაკში ბავშვი ეცნობა საგნების ძირითად ნიშან-თვისებებს: მოცულობას, ფორმასა და ფერს.
ბავშვის მიერ ამ უზარმაზარი, მრავალფეროვანი სამყაროს შეცნობა შეუძლებელია მის გარშემო მყოფ მოზრდილ ადამიანთა გარეშე, მათთან თამაშის გარეშე. ამ ასაკის ბავშვებთან თამაშის დროს გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის ყურადღება ჯერ კიდევ არამდგრადია, ამიტომ თამაშის ხანგრძლივობა ერთი წლის ასაკში არ უნდა აღემატებოდეს 3-5 წუთს და 7-10 წუთს ორი წლის ასაკში.

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: http://shvilebi.ge/კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge