ტყუპების “საიდუმლო” ენა

,,ბავშვი”

ტყუპების 40%-ს, მეტყველების ათვისების შესაბამის ეტაპზე, აღენიშნება საერთო თავისებურება, რომელიც მშობლების მიერ სწორად უნდა იქნას შეფასებული. ეს ხელს შეუწყობს მომავალში,ბავშვების სკოლაში სწავლის დროს, შესაძლო პრობლემების თავიდან არიდებას. ამერიკელი ექსპერტ-ლინგვისტების მიერ იქნა შესწავლილი ორი ტყუპისცალის გრეის და ჯინი კენედის შემთხვევა, რომელიც თვალნათლივ ასახავს ტყუპების მიერ მეტყველების ათვისების თავისებურებებს. პატარაობის ასაკში მათ ერთმანეთს სახელები მოუგონეს: პოტო და კაბენგო. სახლში ყველაფერს მათ მიერ გამოგონილი სახელი ჰქონდა. ბავშვებს შესანიშნავად ესმოდათ ერთმანეთის. სხვა ადამიანებს, ბუნებრივია, მათი ენა არ ესმოდათ. როდესაც მშობლები ცდილობდნენ ესწავლებინათ მათთვის მშობლიური ენა, ისინი მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათი “საიდუმლო” ენა წარმოადგენს ინგლისური და გერმანული (ერთ-ერთი ბებია მათთან გერმანულად ლაპარაკობდა), და ასევე ბავშვების მიერ მოგონილი სიტყვების ერთობლიობას. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ამგვარ ენას ბევრი ტყუპისცალი იყენებს.
რაში მდგომარეობს ამ მოვლენის შესაძლო მიზეზი?
ცნობილია, რომ ბავშვის მიერ მეტყველების ათვისების პროცესში მთავარ როლს თამაშობს მისი მოზრდილებთან ურთიერთობა. როგორც წესი, ტყუპების მშობლებს იშვითად ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ ტყუპისცალს ხანგრძლივი დრო დაუთმონ სასაუბროდ, საურთიერთოდ. ტყუპებს ხომ ყველაფერი თითქმის ერთდროულად უნდათ: ერთს რომ ვუცვლით საფენებს, მეორე ამ დროს ყვირილით იკლებს იქაურობას.
როდესაც ბავშვი სწავლობს ლაპარაკს, ბაძავს რამოდენიმე მისთვის ნაცნობ მოდელს, მაგალითად, მშობლებს, ძიძას, უფროს და-ძმას, თანატოლებს, ნათესავებს.
იმის გამო, რომ ტყუპები დროის მნიშვნელოვან ნაწილს ერთად ატარებენ და ბაძავენ ერთმანეთს, კიდევ უფრო ძლიერდება ბავშვის მეტყველებისთვის ტიპიური ნაკლოვანი მხარეების გამოვლინება. ამის შედეგად, ბევრი სიტყვა გაუგებარი ხდება გარშემომომყოფთათვის – სწორედ ესაა “საიდუმლო ენა”, ან ტყუპების ე.წ. ავტონომიური ენა.
ტყუპების სალაპარაკო ენაში ხშირად გვხვდება გარკვეული სიტყვების დაბოლოების გამოტოვება. ამგვარი შეკვეცილი ენა ტყუპებს სჭირდებათ იმისთვის, რომ სწრაფად გამოხატონ საკუთარი აზრი. მეცნიერები თვლიან, რომ როდესაც ოჯახში რამოდენიმე ბავშვი იზრდება, ამ დროს მძაფრდება მათ შორის კონკურენცია მშობლების ყურადღების მოსაპოვებლად და სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი სწრაფად ლაპარაკს.
იმისათვის, რომ ტყუპები წარმატებით გავიდნენ შინაური გარემოდან უფრო ფართო, სოციალურ გარემოცვაში, აუცილებელია მათ განუვითაროთ შესაბამისი სამეტყველო უნარ-ჩვევები. უმოკლესი გზა საამისოდ-მიბაძონ მშობლების სწორ მეტყველებას.
ქვემოთ განვიხილავთ რამოდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელთა დახმარებით შეიძლება დავაჩქაროთ ჩვენი ტყუპების მეტყველების განვითარება:
1. შეეცადეთ გამონახოთ დრო თითოეულ ტყუპისცალთან ცალკე სალაპარაკოდ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ამჩნევთ, რომ ერთ-ერთს ჩვევად აქვს ქცეული პასუხის გაცემა მეორის მაგივრადაც. ცალკე საუბარი უფრო ჩუმ ბავშვს ასწავლის საკუთარი აზრის გამოხატვას.
2. შვილებთან საუბრისას აჩვენეთ მათ სწორი მეტყველების მაგალითი.
3. უკითხეთ ბავშვებს წიგნები და წააქეზეთ ისინი ერთად მოიგონონ სხვადასხვა ისტორიები. ეს ბავშვებში ავითარებს სიტყვებისადმი ინტერესს, რაც თავის მხრივ, ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს და ხელს უწყობს სამეტყველო უნარ-ჩვევების სრულყოფას. უბიძგეთ ბავშვებს მონაწილეობა მიიღონ ისტორიების შეთხზვის პროცესში. დაიწყეთ მარტივი ფრაზიდან: “ერთხელ ცხოვრობდა…….” და თითოეულ ტყუპისცალს შესთავაზეთ გააგრძელოს იმ ადგილიდან, სადაც გაჩერდა პირველი.
4. მიაჩვიეთ ბავშვები იმას, რომ ლაპარაკი დაიწყონ მაშინ, როდესაც სხვა მოსაუბრე დაასრულებს თავის სათქმელს.
5. თითოეულ მათგანს მიეცით საშუალება, რომ დამოუკიდებლად იურთიერთოს სხვა ბავშვებთან. თანატოლებთან ურთიერთობისას, ბავშვები ავითარებენ მეტყველებას, რაც დადებითად მოქმედებს შემდგომში წერა-კითხვის ათვისებაზეც.
6. გაითვალისწინეთ ყოველი მათგანის ინდივიდუალობა. თავი აარიდეთ მათ შედარებას, ვინ უფრო სწრაფია და ვინ უფრო ნელი და ა.შ. დაიმახსოვრეთ, რომ მათ განვითარების ინდივიდუალური ტემპი ახასიათებთ.

ავტორის ნებართვით აღებულია საიტიდან: http://shvilebi.ge/კონტაქტი სტატიის ავტორთან: anna@shvilebi.ge