ბიზნეს – გეგმის სტრუქტურა

ლევან  შენგელია. ბიზნეს-გეგმების შედგენა. თბილისი 2012.
 წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>

ბიზნეს გეგმა არის ნებისმიერი საწარმოს მუშაობის საფუძველი და ქონებრივ უზრუნველყოფასთან ერთად ინვესტიციების მოზიდვისათვის საჭირო გარანტიების პირობა.
ეს არ არის მოდისთვის გაღებული ხარკი და არც ინვესტორის ახირება. ინვესტორი ხვდება, რომ თუ თქვენ არ შეგიძლიათ ხარისხიანი ბიზნეს-გეგმის შედგენა, მაშინ საქმეს მით უფრო ვერ ააწყობთ. ამჟამად ბიზნეს გეგმის შედგენის გარკვეული მეთოდიკები არ არსებობს, თუმცა ბიზნეს-გეგმის ზოგადი სტრუქტურა, UNIDO-ს სტანდარტების შესაბამისად, შემდეგ ძირითად პარამეტრებს უნდა ითვალისწინებდეს:

 – რეზიუმე
– საწარმოსა და დარგის აღწერა
– პროდუქციის/მომსახურების აღწერა
– პროდუქციის/მომსახურების მარკეტინგი და გასაღება
– საწარმოო გეგმა
– საორგანიზაციო გეგმა
– ფინანსური გეგმა
– პროექტის მიზანმიმართულობა და ეფექტურობა
– რისკები და გარანტიები

5.1 რეზიუმე. რეზიუმე – ეს არის თვითმყოფადი სარეკლამო დოკუმენტი იმდენად, რამდენადაც მასში მოცემულია მთელი ბიზნეს გეგმის ძირითადი დებულებები. ეს იქნება ერთადერთი ნაწილი, რომელსაც წაიკითხავს პოტენციური ინვესტორების უმრავლესობა. ინვესტორი კი პირველ რიგში მოინდომებს გაიგოს: კრედიტის ოდენობა, მიზანი, დაფარვის სავარაუდო ვადები, გარანტიები, კიდევ ვინ აპირებს პროექტის ინვესტირებას, რა საკუთარი სახსრები გაგაჩნიათ.

5.2 დარგისა და საწარმოს აღწერა. ამ ნაწილში აღიწერება: ზოგადი ცნობები საწარმოს შესახებ, საწარმოს საქმიანობის ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, მართვის სტრუქტურა და კადრები, საქმიანობის მიმართულებები, პროდუქცია, მიღწევები და პერსპექტივები, პარტნიორული კავშირები და სოციალური აქტიობა.

5.3 პროდუქციის /მომსახურების აღწერა. ამ ნაწილში უნდა მოახდინოთ პროდუქციისა და მომსახურების იმ სახეების განსაზღვრა და აღწერა, რომლის შეთავაზებასაც აპირებთ ბაზრისათვის.
აქ საჭიროა ტექნოლოგიის იმ ზოგიერთი ასპექტების მითითება, რომლებიც აუცილებელია თქვენი პროდუქციისა თუ მომსახურების საწარმოებლად. ეს ნაწილი უნდა დაიწეროს ნათელი, მკაფიო, არასპეციალისტისათვის გასაგები ენით. ნუ გამოიყენებთ პროფესიულ ჟარგონებს.
აღწერეთ თქვენი პროდუქციის ძირითადი მახასიათებლები, ამასთან, აქცენტი გააკეთეთ იმ უპირატესობებზე, რომელიც თქვენს პროდუქტს ექნება პოტენციური მომხმარებლის თვალში.
მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვათ თქვენი პროდუქციის ან მომსახურების უნიკალურობას: ახალი ტექნოლოგია, საქონლის ხარისხი, დაბალი თვითღირებულება ან რაღაც სხვა ღირსებები, რომლებიც მყიდველის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. აგრეთვე აუცილებელია პროდუქციის (მომსახურების) სრულყოფის შესაძლებლობისთვის ხაზის გასმა.

აღწერეთ, თუ გაგაჩნიათ პატენტები ან საავტორო უფლებები გამოგონებაზე ან დაასახელეთ სხვა მიზეზები, რომელთაც შეუძლიათ თქვენს ბაზარზე კონკურენტის შემოჭრას შეეწინააღმდეგოს. ასეთიმიზეზები შეიძლება იყოს ექსკლუზიური უფლებების ქონა გავრცელებაზე ან სავაჭრო მარკა.

5.4 მარკეტინგი და პროდუქტის/მომსახურების გასაღება. მარკეტინგის გეგმა აუცილებელია პოტენციური კლიენტების რეალურ კლიენტებად გადასაქცევად. ამ გეგმამ უნდა აჩვენოს, თუ რატომ იყიდიან კლიენტები თქვენს პროდუქციას (ან რატომ ისარგებლებენ თქვენი მომსახურებით). უნდა გაიაზროთ და პოტენციურ პარტნიორებს ან ინვესტორებს კარგად აუხსნათ თქვენი მარკეტინგული გეგმის ძირითადი ელემენტები: ფასთწარმოქმნა, საქონლის გავრცელების სქემა, გაყიდვების სტიმულირების მეთოდები, გაყიდვებისშემდგომი თანხლების ორგანიზაცია, იმიჯის ფორმირება. თუ თქვენ არა გაქვთ სპეციალური განათლება, საჭიროა წაიკითხოთ წიგნები მარკეტინგის შესახებ, მიმართოთ კონსულტაციისთვის სპეციალისტს.
გახსოვდეთ, კომპანიის არსებობა და ზრდა დიდაა დამოკიდებული არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ბიზნესის წარმატებით წარმოებაზე. გასაღების პროცესიმარტოოდენ პროდუქტის/მომსახურების გაყიდვითა და ფულის აღებით არ შემოიფარგლება. მნიშვნელოვანია პროდუტის/მომსახურების მყიდველებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება. ამისათვის კომპანიის პროდუქტმა/მომსახურებამ მყიდველი უნდა დააკმაყოფილოს იმ გვარად, რომ მან ხელმეორედ შეიძინოს იგი. ამასთან ასეთი მომხმარებელი კომპანიის პროდუქტს/მომსახურებას თავადვე გაუწევს რეკლამას.
კომპანია გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს მომხმარებლის შენიშვნებსა და სურვილებს და მუდმივად შესთავაზოს დამატებითი მომსახურება.

5.5 საწარმოო გეგმა. ამ ნაწილში უნდა აღიწეროს თქვენს ფირმაში მიმდინარე ყველა საწარმოო და სხვა სამუშაო პროცესი. აქ უნდა განიხილოთ შენობა-ნაგებობებთან, მათ მდებარეობასთან, აღჭურვილობასთან, პერსონალთან დაკავშირებული საკითხები.
მოკლედ უნდა ახსნათ, თუ როგორ არის ორგანიზებული პროდუქციის (მომსახურების) გამოშვების სისტემა და როგორ ხორციელდება საწარმოო პროცესების კონტროლი.
ასევე ყურადღება უნდა დაუთმოთ საწარმოო ფართების განლაგების საკითხებს და აღჭურვილობის განთავსებას. და ბოლოს, ამ ნაწილში ასხვა უნდა ჰპოვოს მიწოდების ვადებთან და ძირითად მომწოდებელთა რაოდენობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. აგრეთვე იმან, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს პროდუქციის გამოშვება.

5.6 საორგანიზაციო გეგმაამ ნაწილში განიმარტება, თუ როგორ არის ორგანიზებული მმართველი გუნდი და ახსნილია მისი ყოველი წევრის ძირითადი ფუნქცია. ნაჩვენებია პროექტის ხელმძღვანელი გუნდი და წამყვანი სპეციალისტები, სამართლებრივი უზრუნველყოფა, არსებული ან შესაძლო მხარდაჭერა და შეღავათები, პროექტის რეალიზაციის გრაფიკი და ორგანიზაციული სტრუქტურა. ამ ნაწილში უნდა წარმოადგინოთ მონაცემები თქვენი პარტნიორების, მათი შესაძლებლობებისა და გამოცდილების შესახებ. თქვენ უნდა გააშუქოთ წამყვანი ხელმძღვანელების მხარდაჭერისა და მოტივაციის მექანიზმი, აჩვენოთ როგორ აპირებთ მათ დაინტერესებას ბიზნეს გეგმით დასახული მიზნების მისაღწევად. ამიტომ დაადგინეთ, როგორ ანაზღაურდება მათი შრომა (მაგ., ხელფასი, პრემია, წილობრივი მონაწილეობა მოგებაში).

5.7 ფინანსური გეგმა. ამ თავის მიზანია ფინანსური მონაცემებიდან ძირითადი პუნქტების ჩვენება. აქ უნდა მოიყვანოთ ნორმატივები ფინანსურ-ეკონომიკური გათვლებისათვის, პროდუქციის წარმოებაზე გაწეული პირდაპირი (ცვალებადი) და მუდმივი ხარჯები; პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია, პროდუქციის რეალიზაციის ხარჯთაღრიცხვა, ფინანსირების მოთხოვნილება და წყარო, შემოსავლებისა და გასავლების ცხრილი, ნაღდი ფულის ნაკადი, საპროგნოზო ბალანსი.

5.8 პროექტის ეფექტურობა და მიზანმიმართულობა. ამ ნაწილში ნაჩვენებია პროექტის მნიშვნელობა და მიზანმიმართულობა, მოყვანილია მისი რეალიზაციის ეფექტურობის მაჩვენებლები, პროექტის მგრძნობელობის ანალიზი.

5.9. რისკები და გარანტიებინაჩვენებია წარმოებითი რისკები და ფორს-მაჟორული გარემოებანი, მოყვანილია პარტნიორებისა და ინვესტორებისათვის სახსრების დაბრუნების გარანტიები.

<<< წინა გვერდი   მომდევნო გვერდი >>>
..