სალპინგოოფორიტი (ადნექსიტი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სალპინგოოფორიტი (ადნექსიტი) – (გინეკ.) საშვილოსნოს დანამატების ანთება. მილის ან საკვერცხეების იზოლირებული დაზიანება ძალიან იშვიათად გვხვდება, ჩვეულებრივ, ანთებითი პროცესი მოიცავს მილს და საკვერცხეებს, ხშირად ვრცელდება მენჯის ზედაპირზე. სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე სტადიაში აღინიშნება ტკივილები მუცლის ქვევით, ღებინება, ტემპერატურის მომატება. შესაძლებელია აღინიშნებოდეს მენსტრუალური ციკლის დარღვევა (მენო –  და მეტრორაგიები). საშოსმხრივი პალპაციით ისინჯება საშვილოსნოს მტკივნეული, გადიდებული დანამატები (ერთი ან ორივე მხრიდან). მკვეთრი მტკივნეულობის გამო, ზოგჯერ ვერ ხერხდება მათი საზღვრების დადგენა. სისხლში ადგილი აქვს ლეიკოციტოზს, ედს – ის მომატებას, ფორმულის მარცხნის გადახრას. პროცესს შესაძლოა თან სდევდეს პელვიოპერიტონიტი. ქვემწვავე სტადიაში ტემპერატურა ქვეითდება, ტკივილები მცირდება, უმჯობესდება ზოგადი მდგომარეობა, სისხლის მაჩვენებლები ნორმალიზდება. დაავადება ყოველთვის არ მთავრდება გამოჯანმრთელებით; სალპინგოოფორიტის ქრონიკულ სტადიაში გადასვლის შემთხვევაში აღინიშნება პერიოდული გამწვავებები, რომელთაც თან სდევს ტკივილები, ტემპერატურის მომატება, მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა. დიაგნოსტიკა ტარდება ანამნეზის და ობიექტური გამოკვლევების მონაცემების საფუძველზე, ამასთან ითვალისწინებენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომს და საშოს, საშვილოსნოს ყელის და შარდსადინრის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის შედეგებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა