ანაფილაქსია

ანაფილაქსია – დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც ვითარდება ალერგენის შეყვანისას ორგანიზმში. მისი გამოვლინებებია: ანაფილაქსიური შოკი, შრატისმიერი დაავადება; ადგილობრივად ვლინდება: ანთებით, შეშუპებით, ზოგჯერ ქსოვილთა ნეკროზით. (1)

ანაფილაქსია, ანაფილაქსიური შოკი (anaphylaxis) – ორგანიზმის ალერგიული რეაქციის სახესხვაობა, რომელიც გამოწვეულია ალერგენის ორგანიზმში განმეორებით მოხვედრის გამო. რეაქცია წარმოადგენს დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობას. (2)

ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ტერმინი ალერგიული ანაფილაქსია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც გვინდა ხაზი გავუსვათ IgE ანტისხეულების მონაწილეობას. ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება განვითარდეს მედიკამენტების, ლატექსის, მწერების ნაკბენის ზემოქმედებისას ან გარკვეული საკვები პროდუქტების მიღების შედეგად, როგორიცაა არაქისი, მოლუსკები, ნიორი, რძის პროდუქტები. ზოგ შემთხვევაში ანაფილაქსიური რეაქცია განპირობებულია მტვრის ზემოქმედებითაც, მათ შორის მცენარეული მტვერი, ოთახის მტვერი.

მსუბუქი ანაფილაქსიური რეაქცია ვითარდება ალერგენთან კონტაქტიდან  2 საათის განმავლობაში, აღინიშნება  კიდურებში ჩხვლეტისა და სითბოს შეგრძნება, ქუთუთოების  შეშუპება, ქავილი, ცრემლდენა, ცხვირცემინება. სიმპტომების ხანგრძლივობა  1-2 დღეა.

საშუალო სიმძიმის ანაფილაქსიური რეაქციისას შეინიშნება ქოშინი, ხველა, მსტვინავი სუნთქვა ხორხისა  და ბრონქების  შეშუპების გამო, ბრონქოსპაზმი. მოსალოდნელია გენერალიზებული ჭინჭრის ციების განვითარება, კვინკეს შეშუპება, გულისრევა, ღებინება, კანის ქავილი, სიცხის შეგრძნება, მოუსვენრობა.

მძიმე ანაფილაქსიური რეაქციისას ვლინდება ხმის ჩახლეჩა, გამოხატული ქოშინი, მსტვინავი სუნთქვა, ციანოზი, ზოგჯერ სუნთქვის შეჩერება (ანაფილაქსიური შოკის ასფიქსიური ვარიანტი). კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ   – შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ღებინება, დისფაგია (აბდომინური  ვარიანტი). შესაძლებელია ეპილეფსიური შეტევები, უნებლიე შარდვა (ცერებრული  ვარიანტი). ძალზედ სწრაფად ვითარდება არტერიული ჰიპოტენზია და სუნთქვის უკმარისობა  (ჰემოდინამიკური ვარიანტი). რაც უფრო სწრაფად ვითარდება ანაფილაქსიური რეაქცია, მით უფრო მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს. თანდათანობით სიმპტომები  ნელდება, თუმცა მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ 2-24 საათის შემდეგ კვლავ გაძლიერდება. სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი ბავშვებში ხორხის შეშუპებაა, მოზრდილებში კი ამასთან ერთად გულის რითმის დარღვევა.  დიაგნოზი ეყრდნობა კლინიკურ სურათს.

ალერგოლოგია და იმუნოლოგია