ლალი დათეშიძე
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო სიხშირის მიხედვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. დაავადების რისკი უკვე 30 წლის ასაკიდანაა და პიკს აღწევს 70 წლის შემდეგ. განასხვავებენ კუჭქვეშა ჯირკვლის თავის, სხეულისა და კუდის კიბოს. ძირითადად ვითარდება სადინრის კიბო (ადენოკარცინომა). ჯირკვლის თავის ნაწილში სიმსივნე ლოკალიზდება შემთხვევათა 75%-ში. ნაღვლის საერთო სადინარზე ზეწოლა იწვევს მექანიკურ სიყვითლეს. ჯირკვლის თავის სიმსივნისათვის დამახასიათებელია კურვუაზიეს ტრიადა (გადიდებული, უმტკივნეულო ნაღვლის ბუშტი, სიყვითლის არარსებობისას); ამასთან ხდება ნაღვლის სადინრების გაფართოება, ღვიძლის გადიდება. სიმსივნის გავრცელებისას თორმეტგოჯა ნაწლავში ან კუჭში შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა ან სტენოზი. დაავადების პირველი სიმპტომია ტკივილი ეპიგასტრიუმში და ნეკნქვეშა არეში, ზოგჯერ ზურგში ირადიაციით, რომელიც ძლიერდება ღამის საათებში. დამახასიათებელია სხეულის მასის პროგრესირებადი კლება, რაიმე აშკარა მიზეზების გარეშე. სიყვითლესთან ერთად, ძლიერდება გულისრევა, ღებინება, დიარეა, შესაძლოა თან დაერთოს ქოლანგიტის სიმპტომებიც და სხვ. ჯირკვლის სხეულის კიბო სწრაფად ვრცელდება ჯორჯლის ზედა ვენებში და არტერიებში, კარის ვენაში; სიყვითლე იშვითად ვითარდება. ზოგჯერ (10-20%) უჯრედთა დესტრუქციის გამო ვითარდება შაქრიანი დიაბეტი. კუჭქვეშა ჯირკვლის კუდის სიმსივნე სწრაფად ვრცელდება კარის ვენაში და ელენთის სისხლძარღვებში, რაც იწვევს პორტული ჰიპერტენზიის განვითარებას სპლენომეგალიასთან და სხვა დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად. ჯირკვლის კუდისა და სხეულის ნაწილში სიმსივნის ლოკალიზაციისას განსაკუთრებითაა გამოხატული ტკივილის სინდრომი, რაც უკავშირდება სიმსივნის ზრდას ჯირკვლის ირგვლივ არსებულ მრავალრიცხოვან ნერვულ წნულებში. შესაძლოა მეტასტაზირება ფილტვებში, ძვლებში, პერიტონეუმში, პლევრაში, თირკმელზედა ჯირკვალში და სხვ.
ადრეული დიაგნოზი საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით კუჭქვეშა ჯირკვლის სხეულისა და კუდის კიბოს დროს. ავადმყოფთა თითქმის 70%-ში დიაგნოზი დაგვიანებულია. ასეთ შემთხვევებში მკურნალობის შედეგები არასახარბიელოა. დაავადების დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ინსტრუმენტული კვლევის თანამედროვე მეთოდებს: ულტრაბგერითი და კომპიუტერული რენტგენული ტომოგრაფია, ენდოსკოპური, რეტროგრადული პანკრეატოგრაფია, ანგიოგრაფია, რელაქსაციური დუოდენოგრაფია. რიგ შემთხვევებში, მიუხედავად ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური პროცედურებისა, ზოგჯერ გართულებულია ქრონიკული პანკრეატიტის ზოგიერთი ფორმების დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ასეთ სიტუაციაში საბოლოო დიაგნოზის დადგენა ხდება ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე, რომელიც მიღებულია დიაგნოსტიკური პუნქციით ან ოპერაციის დროს.
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბოს მკურნალობა ქირურგიულია. კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბოს დროს რადიკალური ოპერაცია შესაძლებელია მხოლოდ ავადმყოფთა 10-25%-ში. სიყვითლის აღსაკვეთად იყენებენ პალიატიურ ოპერაციებს (ქოლეცისტოეუნოანასტომოზი და სხვ.). სხივური თერაპია ნაკლებეფექტურია; ჩატარებული მკურნალობის შემდეგ დროებითი რემისიები აღინიშნება ავადმყოფთა 20-40%-ში.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 430 times by 146 viewers



