ღვიძლის კიბო

ღვიძლის კიბო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ღვიძლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების დაახლოებით 1-1,5%-ს შეადგენს. განსაკუთრებით ხშირად ვითარდება ჰეპატოცელულური კიბო (90%), იშვიათად – ქოლანგიოცელულარული (10%). ღვიძლში კიბო შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლის ციროზის ფონზე ან მის გარეშე. კლინიკური სიმპტომები ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. თუკი ღვიძლის ციროზის ნიშნების ფონზე აღინიშნება საერთო მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, წონაში სწრაფი დაკლება, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ვლინდება ღვიძლის ფუნქციების დარღვევის ლაბორატორიული ნიშნების ზრდა, ასციტი, ასევე იცვლება კეროვანი წარმონაქმნების ზომები ულტრაბგერითი ტომოგრაფიის მონაცემების მოხედვით, სავარაუდოა ღვიძლის კიბო არსებობა. სხვა შემთხვევებში ნორმალური ზოგადი მდგომარეობის ფონზე ვლინდება ღვიძლის გადიდება პალპაციისას, ხოლო ულტრაბგერით და კომპიუტერულ ტომოგრამებზე კი –  დიდი ზომის სიმსივნე მცირე წარონაქმნებით ან მათ გარეშე (კვანძოვანი ფორმა). ზოგჯერ დიდი კვანძი არ ვლინდება (დიფუზური ფორმა). დაავადების პროგრესირების დროს შესაძლებელია გამოვლინდეს მუცელშიგა სისხლჩაქცევა, სიყვითლე, ასციტი, სხვა სიმპტომები. კიბო დიაგნოზის დადგენა ხდება სიმსივნის ბიოფსიით. დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლში ფეტოპროტეინის განსაზღვრას, რომლის დონე ჰეპატოცელულური კიბო დროს ავადმყოფთა 70-90%-ში მაღალია. დაავადების გავრცელების ხარისხს ადგენენ აგრეთვე ანგიოგრაფიის დროს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მეტასტაზურ კიბოსთან. ღვიძლის კიბო მეტასტაზები ვითარდება ორგანოს საზღვრებში, იშვიათად (30-50%) პერიპორტალურ ლიმფურ კვანძებში, ფილტვებში, ძვლებში. მკურნალობა. ღვიძლის ლოკალიზებული კიბო დროს ატარებენ ღვიძლის რეზექციას. სიცოცხლის 5-წლიანი გახანგრძლივება შეადგენს დაახლოებით 15-30%-ს, საუკეთესო შედეგებია მიღებული მაღალდიფერენცირებული კიბო დროს. დროებით ობიექტურ და სუბიექტურ გაუმჯობესებას იძლევა ღვიძლის არტერიებისგადაკვანძვა ან ემბოლიზაცია. გაუმჯობესება აღინიშნება აგრეთვე ქიმიოთერაპიის დროს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები