ხორხის პარეზები და დამბლები

ხორხის პარეზები და დამბლები

ხორხის პარეზები და დამბლები – წარმოიქმნება კუნთებში ანთებითი და დეგენერაციული პროცესების ან ხორხის მაინერვირებელი ნერვების, ტვინოვანი ცენტრებისა და გამტარი გზების ფუნქციის დარღვევების შედეგად. მიოპათიური პარეზები ან დამბლები განპირობებულია ხორხის კუნთებში არსებული ცვლილებებით და აღინიშნება მწვავე და ქრონიკული ლარინგიტის, ზოგიერთი სხვა ინფექციური დაავადებების (დიფთერია, ტიფი, გრიპი, ტუბერკულოზი) დროს, ასევე ხმის მკვეთრი გადაძაბვის შედეგად. როგორც, წესი არის ორმხრივი და მიმდინარეობს ხორხის მბგერავი კუნთის დაზიანებით. ნევროპათიური პარეზები ან დამბლები შეიძლება იყოს პერიფერიული ან ცენტრალური წარმოშობის. ცენტრალური პარეზები ან დამბლები ხშირად ვითარდება ბულბური ტაბესური დაზიანებისა და ისტერიის დროს. პერიფერიული პარეზები ან დამბლები დამოკიდებულნი არიან ცთომილი ნერვის ტოტების ფუნქციის დარღვევაზე. ამ ნერვების ფუნქციის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმები, სხვადასხვა ანთებითი, სიმსივნური და სხვა პათოლოგიური პროცესები კისრისა და გულმკერდის არეში.

ხორხის პარეზები და დამბლები – სიმპტომები, მიმდინარეობა. ხმის ჩახლეჩა თითქმის აფონიამდე. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ბეჭდ-ციცხვისებრი უკანა კუნთის დამბლას. ამ კუნთების მწვავედ განვითარებული ორმხრივი დამბლის დროს ყია არ იხსნება, ვითარდება ხორხის სტენოზი, რომელიც მოითხოვს სასწრაფო ტრაქეოტომიას. ხორხის სხვა კუნთების ფუნქციის დარღვევის დროს ავადმყოფები უჩივიან ხმის ცვლილებას. დიაგნოსტირება ხდება ლარინგოსკოპიით.

ხორხის პარეზები და დამბლები – მკურნალობა ხორხის ანთებითი ეტიოლოგიის მიოპათიური პარეზების ან დამბლის დროს ისეთივეა, როგორიც მწვავე კატარული ლარინგიტის დროს. გარდა ამისა, გამოიყენება ფიზიოთერაპია: ელექტროფორეზი, დიათერმია. ხორხის ნევროპათიური პარეზების ან დამბლების დროს ნაჩვენებია იმ დაავადების მკურნალობა, რომელიც იწვევს ხორხის ინერვაციის დარღვევას.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.