ქრონიკული ლარინგიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ლარინგიტი ქრონიკული (chronic laryngitis) – როგორც წესი, წარმოიქმნება იმავე მიზეზებით, რა მიზეზებითაც ვითარდება მწვავე ანთება, ამასთან გამომწვევის შედარებით ხანგრძლივი მოქმედებით; შედეგად ირღვევა ქსოვილთა ტროფიკა და ვითარდება დისტროფიული პროცესი. აღნიშნული დარღვევების ხასიათის მიხედვით განასხვავებენ კატარულ, ჰიპერტროფიულ და ატროფიულ ფორმებს.

ქრონიკული კატარალური ლარინგიტი მიმდინარეობს ხორხის ლორწოვანი გარსის ანთებით, ხშირად დიფუზურად. სიმპტომები: ხმის ჩახლეჩა, ყელში ჩაფხაჭნის გრძნობა, პერიოდული ხველა ნახველის გამოყოფით. ყველა ეს ნიშნები ძლიერდება ლარინგიტის გამწვავების დროს. ლარინგოსკოპიის დროს ჩანს დიფუზურად ზომიერად ჰიპერემიული ლორწოვანი გარსი, მბგერავი ნაოჭები გასქელებულია; ზოგჯერ აღინიშნება ხორხის შიგნითა კუნთების პარეზი, რაც ვლინდება ყიის არასრული დახურვით ფონაციის დროს.

მკურნალობა. დამზოგავი რეჟიმი; დაავადების ხელშემწყობი ფაქტორების გამორიცხვა; ზეთოვანი და ტუტე ინჰალაციები; სასარგებლოა თბილი სითხეების მიღება (ბორჯომი, რძე). ეფექტურია ფიზიოთერაპიული პროცედურები.

ქრონიკული ჰიპეტროფიული ლარინგიტი ხასიათდება ეპითელისა და ლორწქვეშა შრის ზრდით. შესაძლებელია იყოს შემოსაზღვრული ან დიფუზური.

ქრონიკული ჰიპეტროფიული ლარინგიტი  – სიმპტომები, მიმდინარეობა. აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, ზოგჯერ აფონიამდე, ყელში წვის, ჩაფხაჭნის შეგრძნება, ხველა ლარინგიტის გამწვავების დროს. ლარინგოსკოპიით – ხორხის ლორწოვანი გარსის თანაბარი გასქელება, რომელიც მეტადაა გამოხატული მბგერავ ნაოჭებში. შემოსაზღვრული ფორმის დროს აღინიშნება ხორხის ლორწოვანი გარსის ცალკეული უბნების, ხშირად მბგერავი ნაოჭების ან ვესტიბულური ნაოჭების, ნაოჭქვეშა სივრცის, ციცხვისებრ ხრტილთაშუა მიდამოს ჰიპერპლაზია. მკურნალობა ისეთივეა, როგორიც ქრონიკული კატარული  ლარინგიტის დროს.

ქრონიკული ატროფული ლარინგიტი ვლიდება ხორხის ლორწოვანი გარსის გათხლებითა და ატროფიით.

ქრონიკული ატროფული ლარინგიტი –სიმპტომები. სიმშარალის, ჩაფხაჭნის შეგრძნება ყელში, მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა. ლარინგოსკოპიით ლორწოვანი გარსი ჩანს განლეული, მშრალი, დაფარულია ლორწოთი, ადგილ-ადგილ მშრალი ქერქებით. ძლიერი ამოხველების დროს შესაძლებელია ქერქების მოცილება.

ქრონიკული ატროფული ლარინგიტი – მკურნალობა ძირითადად სიმპტომატურია. გამოიყენება ტუტე და ზეთოვანი ინჰალაციები, ხორხის დამუშავება ლუგოლითა და გლიცერინით. ქერქების უკეთ მოცილების მიზნით ინიშნება ინჰალაციები პროტეოლიზური ფერმენტების აეროზოლებით.

ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.