ფავუსი

ფავუსი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფავუსი (ქეცი) (favus) – კანის, თმების, ფრჩხილების სოკოვანი დაავადება; გამომწვევია Тг. Schonleinii, რომელიც აზიანებს ეპიდერმისს (ჩვეულებრივ რქოვან შრეს), შესაძლებელია შეაღწიოს დერმაში, გავრცელდეს ჰემატოგენურად. კონტაგიოზურობა მაღალი არ არის. წყაროა დაავადებული ადამიანი. მიკოზის გადაცემა ხშირად ხდება ბავშვობის ასაკში, მჭიდრო და ხანგრძლივი ოჯახური კონტაქტის დროს. წინასწარგანმწყობი ფაქტორია ორგანიზმის დაუძლურება ქრონიკული დაავადებების, სხვადასხვა ინტოქსიკაციების, არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვების შედეგად. გვხვდება ნებისმიერ ასაკში.

 

ფავუსი – კლინიკური სურათი. განსაკუთრებით ტიპიურია სკუტულარული ფორმა. დაზიანებული თმები ხდება თხელი, მშრალი, მტვრევადი და თითქოსდა დამტვერილი, თუმცა ისინი არ ტყდებიან და ინარჩუნებენ სიგრძეს. პათოგნომური ნიშანია სკუტულა – თავისებური ყვითელი – მორუხო ფერის ქერქი, წამოწეული კიდეებით. სკუტულები მატულობენ ზომებში, ერწყმიან ერთმანეთს, წარმოქმნიან დიდი ზომის კერებს. შედგებიან სოკოს ელემენტების, ეპიდერმისის უჯრედებისა და ცხიმოვანი დეტრიტის გროვისაგან. დამახასიათებელია ავადმყოფისაგან ე. წ. ,,თაგვის სუნი”. სკუტულების მოძრობის შემდეგ შიშვლდება ატროფული ზედაპირი, რომელიც ადვილად იკრიბება თხელ ნაკეცებად, მსგავსად სიგარეტის ქაღალდისა. ზოგჯერ პროცესს ერთვის რეგიონალური ლიმფადენიტი. თავის ნაწილის ფავუსის სქვამოზური ფორმა ხასიათდება დიფუზური აქრეცვლით, ხოლო იმპეტიგინური – ქერქების დაშრევებებით; თმების დაზიანება და გამოსავალი ისეთივეა, როგორიც სკუტულარული ფავუსის დროს. გლუვ კანზე, რომლის დაზიანებაც იშვიათია და ჩვეულებრივ შერწყმულია თავის დაზიანებასთან, ლაგდება შემოსაზღვრული ერითემატოზულ – სქვამოზური, მსუბუქად ანთებადი ლაქები არასწორი მოხაზულობით, რომლის ფონზეც შესაძლებელია წარმოიქმნას მცირე სკუტულები. ნაწიბუროვანი ატროფია არ წარმოიქმნება. ცნობილია შინაგანი ორგანოების დაზიანება, ლეტალური გამოსავლით. დიაგნოზი სკუტულარული ფორმის დროს რთული არ არის. სხვა ფორმების დროს იგი მოითხოვს ლაბორატორიულ დადასტურებას.

ფავუსი – მკურნალობა ტარდება სტაციონარის პირობებში; შიგნით მისაღებად – გრიზეოფულვინი, ნიზორალი; ადგილობრივად – იოდი, მაზები; თანმხლები დაავადების თერაპია, არასპეციფიკური იმუნოთერაპია.

ფავუსი – პროგნოზი. მკურნალობის გარეშე პროცესი შესაძლებელია გაგრძელდეს განუსაზღვრელად დიდი ხნის განმავლობაში; შინაგანი ორგანოების დაზიანების დროს – ჩვეულებრივ ცუდია.

ფავუსი – პროფილაქტიკა. ავადმყოფის ოჯახის წევრების გულდასმითი გასინჯვა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები