პრურიგო

 პრურიგო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

პრურიგო (prurigo) დაავადება ქავილით მიმდინარე დერმატოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათება შეშუპებული კვანძების წარმოქმნითა და ძლიერი ქავილით.

ბავშვთა პრურიგო (სტროფულუსი), აღინიშნება 5 თვიდან 5 წლამდე პერიოდში და ჩვეულებრივ წარმოადგენს ექსუდაციური დიათეზის კანისმიერ სინდრომს. სტროფულუსის განვითარება ხშირად განპირობებულია კვებითი სენსიბილიზაციით (რძე, შოკოლადი, თაფლი, მურაბა, კენკრა, კვერცხის ცილა, ხოცის ბულიონები და სხვ.), იშვიათად მისი მიზეზია წამლისმიერი სენსიბილიზაცია და ჭიით ინვაზია. გამონაყრის პირველადი ელემენტია კაშკაშა წითელი ფერის შეშუპებული კვაძი, რომლის ცენტრში ფორმირდება პატარა ბუშტუკი.

გამონაყარი სხვადასხვა რაოდენობისაა, ლოკალიზდება ჩვეულებრივ კიდურების გამშლელ ზედაპირებზე, დუნდულოებზე, სახეზე, თან ახლავს ძლიერი შეტევითი ქავილი (განსაკუთრებით ღამით), რაც იწვევს ნაკაწრებს, რომელიც ზოგჯერ რთულდება პიოდერმიით. შესაძლებელია ზოგადი მოვლენების განვითარებაც. პროცესს ახასიათებს მორეციდივე მიმდინარეობა.

პრურიგო – მკურნალობა. მასენსიბილიზირებელი ფაქტორის მოხსნა, მკაცრი დიეტა, კალციუმის პრეპარატები, ანტიჰისტამინები, ასკორუტინი, კორტიკოსტეროიდული მაზები. მოზრდილებში პრურიგო ხშირია ქალებში, ძირითადად საშუალო ასაკში. დაავადება შესაძლებელია გამოიწვიოს კვებითმა გამაღიზიანებლებმა, ნერვულ – ფსიქიკურმა გადაძაბვამ და სხვა ზოგადმა დაავადებებმა (შაქრიანი დიაბეტი, ლეიკოზები, სიმსივნეები, ენდოკრინოპათიები და სხვ.). წვრილი ვარდისფერი ექსკორიაციული კვანძები ჩვეულებრივ განლაგებულნი არიან წინამხრის, მუცლის, ზურგის, დუნდულოების ზედაპირზე და იწვევენ ძლიერ ქავილს. დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა. საჭიროა ავადმყოფის გულდასმითი გამოკვლევა ეტიოლოგიური ფაქტორის დასადგენად.

პრურიგო – მკურნალობა. ძირითადი დაავადების თერაპია, დიეტა, კუჭისმოქმედების რეგულირება; სედატიური და ანტიჰისტამინური საშუალებები, კრემები მენთოლითა და ანესთეზინით, კორტიკოსტეროიდული მაზები.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კანისა და ვენერიული დაავადებები