ვარდისფერი ლიქენი

ვარდისფერი ლიქენი

ვარდისფერი ლიქენი (pityriasis rosea) კანის დაავადება, ინფექციური ერითემების ჯგუფიდან.

ვარდისფერი ლიქენი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ვარდისფერი ლიქენის გამომწვევი ცნობილი არ არის (სავარაუდოდ ვირუსია). დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გაცივება. დაავადების აფეთქებები აღინიშნება ხშირად გაზაფხულსა და შემოდგომაზე. დამახასიათებელია ციკლურობა და რეციდივების არარსებობა, რაც როგორც ჩანს, განპირობებულია იუნიტეტის განვითარებით.

ვარდისფერი ლიქენი – კლინიკური სურათი. დაავადება იწყება სხეულის კანზე ერთეული მსხვილი, მრგვალი ვარდისფერი ლაქის გაჩენით დიამეტრით 2 სმ და მეტი (ე. წ. დედა – ბალთა), რომლის ცენტრალური ნაწილი თანდათანობით ღებულობს მოყვითალო ელფერს, თითქოს იჭმუხნება და იწყებს აქერცვლას. დედა – ბალთის წარმოქმნიდან რამდენიმე დღის შემდეგ სხეულისა და კიდურების კანზე წარმოიქმნება მრავლობითი მცირე ზომის ოვალური ვარდისფერი ლაქები, დიამეტრით 0,5 – 1 სმ. ლაქების ცენტრში თანდათანობით ვლინდება ოდნავ შესამჩნევი მშრალი ქერცლები, ხოლო პერიფერიაზე – ქერცლებისაგან თავისუფალი წითელი ქობა, რის გამოც ლაქა ღებულობს მედალიონის შესახედაობას. გამონაყარი მიდრეკილია გაერთიანებისაკენ. სუბიექტური შეგრძნებები ხშირად არ აღინიშნება, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია ქავილი. დაავადების ხანგრძლივობაა 4 – 6 კვირა, რის შემდეგაც გამონაყარი თვითნებურად ქრება.

ვარდისფერი ლიქენი – დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ კლინიკურ სურათს.

ვარდისფერი ლიქენი – მკურნალობა. აკრძალულია დაბანა და შალისა და სინთეზური თეთრეულის ტარება. ინიშნება კალციუმის პრეპარატები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ასკორუტინი. დაავადების გავრცელებული ფორმების დროს გამოხატული ტემპერატურული რეაქციით, დამატებით ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. ნაჩვენებია ასევე კორტიკოსტეროიდული მაზები და სხვ.

კანისა და ვენერიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

(2) ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ვარდისფერი ლიქენი – (კანისა და ვენ. დაავ.) ინფექციური დაავადებაა. უხშირესად დაავადება ვითარდება გაზაფხულზე ან შემოდგომით; არც თუ იშვიათად მას წინ უძღვის გაცივება. სიმპტომები. იწყება პროდრომული მოვლენებით, მსუბუქი თავის ტკივილის, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატების სახით. კანზე მწვავედ ვითარდება გამონაყარი ვარდისფერი ლაქების სახით. თავდაპირველად ჩნდება ერთი ლაქა (ძირითადი ფოლაქი), რომელიც ფართოვდება პერიფერიაზე, შემდეგ, ჩვეულებრივ სხეულის გვერდით ზედაპირებზე, კიდურების მომხრელ ზედაპირებზე და კისერზე ჩნდება ახალი ლაქოვანი ელემენტები. გარკვეული პერიოდის შემდეგ ლაქების ცენტრი ყვითლდება, იძენს მოყავისფრო შეფერილობას, რამდენადმე ქვევით იწევა და იწყება ეპიდერმისის აქერცვლა. ლაქების კიდეებს გარს არტყია მოწითალო – ვარდისფერი არშიები, რაც მათ აძლევს მედალიონის შესახედაობას. როგორც წესი, ავადმყოფებს არ გააჩნიათ სუბიექტური შეგრძნებები და მხოლოდ იშვიათად, დაავადებას თან სდევს მსუბუქი ქავილი. აუცილებელია ვარდისფერი ლიქენის დიფერენცირება მიკროსპორიისგან (სოკოებზე გამოკვლევა), სიფილისისგან (სიფილისური როზეოლა არ იქერცლება, სპეციფიური სეროლოგიური გამოკვლევები და სხვ.).ვარდისფერი ლიქენი – მწვავე დერმატოზი, სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიისა; ხასიათდება უხვი აქერცვლადი ვარდისფერი ლაქებით სხეულზე, კისერზე, კიდურების პროქსიმალურ ნაწილებზე.

.