წითელი ბრტყელი ლიქენი

წითელი ბრტყელი ლიქენი (lichen ruber planus) – დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, იშვიათად ფრჩხილებს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

დადგენილი არ არის. გავრცელებულია დაავადების ინფექციური და ნევროლოგიური წარმოშობის თეორიები. ავადდებიან უპირატესად მოზრდილები.

კლინიკური სურათი

ხასიათდება მონომორფული წვრილი პოლიგონალური მოწითალო – იისფერი პაპულებით, ბრტყელი ბზინავი ზედაპირითა და ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით. პაპულები განლაგებულნი არიან იზოლირებულად, უპირატესად წინამხრის მომხრელ ზედაპირზე, მუცელზე, წელზე და თან ახლავთ გამოხატული ქავილი. პაპულები შესაძლოა შეერთდნენ და წარმოქმნან ბალთები. პაპულების ზედაპირზე ჩნდება მოთეთრო ფერის ბადისებრი სურათი – ვიკემის ბადე, რომელიც განსაკუთრებით კარგად სჩანს ელემენტების წყლით დასველებისას ან მცენარეული ზეთის წასმის დროს.

ზოგჯერ ისინი წარმოქმნიან რგოლისებრ ფიგურებს. გაწოვილი პაპულების ადგილზე ხშირად რჩება მყარი პიგმენტაცია. ლორწოვანი გარსების დაზიანება შესაძლოა იყოს როგორც იზოლირებული, ასევე შერწყმული კანის დაზიანებასთან. ლოყების შიგნითა ზედაპირზე, ტუჩების წითელ ქობაზე, ენის გვერდით ზედაპირებზე, ვულვაზე და სასქესო ასოს თავზე ჩნდება მცირე ზომის, მოთეთრო, მბზინავი პაპულები, რომლებიც წარმოქმნიან ,,გვიმრის სურათს” ან ბადეს. გარდა ტიპიურისა, შესაძლებელია ასევე წითელი ბრტყელი ლიქენის სხვა სახესხვაობებიც ლორწოვან გარსებზე: ექსუდაციურ – ჰიპერემიული, რომელიც ხასიათდება პაპულების განლაგებით შეშუპებულ ჰიპერემიულ ფონზე; ეროზიულ – წყლულოვანი, რომელსაც ახლავს ეროზიებისა და მცირე წყლულების წარმოქმნა, გარშემორტყმული პაპულებით (ეს უკანასკნელი არაიშვიათად ვითარდება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში და ჰიპერტონიკებში). დაავადება ხასიათდება ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობით.

დიაგნოზი

დადგენისას ითვალისწინებენ პაპულების დამახასიათებელი სახეს, ტიპიურ ლოკალიზაციას, ვიკემის ბადისა და ქავილის არსებობას. >>> კანისა და ვენერიული დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.