ბალანოპოსთიტი

ბალანოპოსთიტი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ბალანოპოსთიტი – სასქესო ასოს თავის კანისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება.

ბალანოპოსთიტიეტიოლოგია: ხშირად ბანალური ინფექცია (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, საფუარის სოკოები და სხვ.); არაიშვიათად დასნებოვნება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს. ბალანოპოსთიტის განვითარებას ხელს უწყობს: ზოგადი დაავადებები, რომლებიც აქვეითებენ კანის ბუნებრივ რეზისტენტობას საპროფიტული ფლორის მიმართ (შაქრიანი დიაბეტი, ანემია, ჰიპოვიტამინოზები, ალერგიული დაავადებები), ასევე ადგილობრივი წინასწარგანმწყობი ფაქტორები.

ბალანოპოსთიტიკლინიკური სურათი. განასხვავებენ მწვავე, ეროზიულ და განგრენოზულ ბალანოპოსთიტს. მარტივი ბალანოპოსთიტი ხასიათდება სასქესო ასოს თავის კანისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის სიწითლით, შეშუპებითა და მაცერაციით, ზედაპირული იზოლირებული და ერთმანეთთან შერწყმული ეროზიების შემდგომი წარმოქმნით, ჩირქოვანი გამონადენით. სუბიექტურად – მსუბუქი წვა და ქავილი. ეროზიული ბალანოპოსთიტი გამოირჩევა მკვდარი ეპითელის თეთრი გაფუებული უბნების წარმოქმნით, შემდეგ კი მსხვილი კაშკაშა წითელი ფერის მტკივნეული ეროზიებით, პერიფერიაზე მაცერაციით. პროცესი შესაძლებელია გართულდეს ფიმოზით. ხშირად აღინიშნება მტკივნეული რეგიონალური ლიმფანგიტი და საზარდულის ლიმფადენიტი. მარტივი და ეროზიული ბალანოპოსთიტის რეგრესის შემდეგ ნაკვალევი არ რჩება. განგრენოზული ბალანოპოსთიტი მიმდინარეობს ცხელებით, ზოგადი სისუსტით. წარმოიქმნება ღრმა მტკივნეული ჩირქოვან-ნეკროზული წყლულები, სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის მკვეთრი შეშუპებისა და სიწითლის ფონზე. როგორც წესი, ვითარდება ფიმოზი, შესაძლებელია მოხდეს ჩუჩის პერფორაცია. წყლულები ნელა ხორცდება. ბალანოპოსთიტის ყველა შემთხვევის დროს საჭიროა გამოირიცხოს სიფილისი.

ბალანოპოსთიტიმკურნალობა. მარტივი და ეროზიული ბალანოპოსთიტის დროს საკმარისია ადგილობრივი დეზინფექციური და ანთების საწინააღმდეგო თერაპია. განგრენოზული ბალანოპოსთიტის, ფიმოზისა და ლიმფადენიტის დროს ხანგრძლივად ინიშნება ანტიბიოტიკები შიგნით მისაღებად.

ბალანოპოსთიტიპროფილაქტიკა. ზოგადი და ადგილობრივი დარღვევების მკურნალობა; პირადი ჰიგიენის დაცვა.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით

კანისა და ვენერიული დაავადებები