კარდიოსკლეროზი

კარდიოსკლეროზი (cardiosclerosis) – გულის კუნთისა (მიოკარდიოსკლეროზი) და სარქველების დაზიანება მათში ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების შედეგად, სხვადასხვა ზომის უბნების (მიკროსკოპულიდან მსხვილ კერებამდე) წარმოქმნისა და გავრცელების სახით, რომლებიც ჩაენაცვლებიან მიოკარდს ან დეფორმირებულ სარქველებს. წარმოადგენს რევმატიზმისა და სხვადასხვა წარმოშობის მიოკარდიტების (მიოკარდიული კარდიოსკლეროზი) ან კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის (კორონაროგენული ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი) შედეგს.
სხვა წარმოშობის კარდიოსკლეროზის კლინიკური მნიშვნელობა მცირეა (მიოკარდის დისტროფიისა და ჰიპერტროფიის, გულის ტრავმების, მისი სხვა დაავადებების შედეგი).

დიაგნოზი. მიოკარდიოსკლეროზის გამოვლინებებია სტაბილური არითმიები და გულის შიგა გამტარობის დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა. ათეროსკლეროზულმა კარდიოსკლეროზმა შესაძლოა გამოიწვიოს სარქვლოვანი მანკები მხოლოდ მიტრალური (პაპილარული მანკი) ან აორტული სარქვლის უკმარისობის ფორმით; ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზის დროს შესაძლოა წარმოიქმნას სტენოკარდიის შეტევები, ასევე შესაძლოა განვითარდეს გულის ქრონიკული ანევრიზმა. მიმდინარეობა ხშირად ნელა მოპროგრესირეა ძირითადი დაავადების ქრონიკული რეციდიული (რევმატიზმი) ან პროგრესირებადი (ათეროსკლეროზი) ხასიათის გამო.

მკურნალობაში შედის ძირითადი დაავადების მკურნალობა; ცალკეული სინდრომების პათოგენეტიკული თერაპია; ასევე არითმიების, ატრიოვენტრიკულური ბლოკადების, გულის ქრონიკული უკმარისობის (იმის გათავლისწინებით, რომ კარდიოსკლეროზის დროს მიოკარდის ტოლერანტობა საგულე გლიკოზიდებისადმი როგორც წესი, ქვეითდება) მკურნალობა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.