ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია

ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსიანაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია – განპირობებულია ორგანიზმში ჟანგბადის შეღწევის შემცირებით ან შეწყვეტით, სისხლში ნივთიერებათა ცვლის დაუჟანგავი პროდუქტების დაგროვებით. ასფიქსიის მიზეზები შესაძლებელია იყოს სამეანო პათოლოგიის სხვადასხვა სახეები, სხვადასხვა ექსტრაგენიტალური დაავადებები, პლაცენტის ფუნქციის დარღვევები, ჭიპისა და საკუთრივ ნაყოფის პათოლოგიები.
ჰიპოქსია, მიუხედავად მისი გენეზისა, იწვევს ნაყოფის ორგანიზმში ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების დარღვევებს, რის შედეგადაც ვითარდება აციდოზი, იქმნება პირობები, როდესაც ქსოვილები ვეღარ ითვისებენ ჟანგბადს. ნაყოფის სისხლში ნახშირმჟავას დაგროვება იწვევს სუნთქვის ცენტრის გაღიზიანებას, რაც იწვევს ნაყოფის მუცელშიგა სუნთქვით მოძრაობებს და შედეგად სანაყოფე წყლების ასპირაციას.

ნაყოფისა და ახალშობილის ასფიქსია – სიმპტომები, მიმდინარეობა

განასხვავებენ ნაყოფის მოსალოდნელ ჰიპოქსიას, ანუ როდესაც სიმპტომები ჯერ კიდევ არ არის, მაგრამ სახეზეა არაკეთილსაიმედო სამეანო სიტუაცია, რომლის დროსაც მუცელშიგა ასფიქსია ვითარდება ძალიან ხშირად. დაწყებითი ჰიპოქსია ხასიათდება ნაყოფის ტაქიკარდიით (გულისცემის სიხშირე წუთში 160 და ზევით), რომელიც შემდეგ იცვლება ბრადიკარდიით (გულისცემის სიხშირეა 100 დარტყმა წუთში და ნაკლები); ვლინდება გულის ტონების მოყრუება და არითმია.
ასფიქსიის ამ ნიშანს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ნაყოფის თავით წინმდებარეობის დროს.
კვლევის დამატებითი მეთოდებიდან, გამოყენება ელექტრო – და ფონოკარდიოგრაფია, ამნიოსკოპია და ნაყოფის სისხლისმჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის გამოკვლევა.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.