ინფიცირებული აბორტი

ინფიცირებული აბორტითავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მოხდეს საშოდან აღმავალი ინფექციის განვითარება (სტაფილოკოკი, ქლამიდიები, ეშერიხიები, სტრეპტოკოკი და სხვ.) და ენდომეტირუმისა და სანაყოფო კვერცხის დაინფიცირება. პათოგენური მიკროორგანიზმები განსაკუთრებით ხშირად აღწევენ საშვილოსნოში კრიმინალური აბორტების დროს. საშვილოსნოდან მიკრობები ვრცელდებიან ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზებით საკვერცხეებზე, საშვილოსნოს მილებზე, მენჯის პერიტონეუმზე და საშვილოსნოს ირგვლივ ქსოვილზე, იწვევენ სხვადასხვა ლოკალიზებულ და გენერალიზებულ გართულებებს.

ინფექციის გავრცელების ხარისხის მიხედვით განასხვავებენ: 1. გაურთულებელი აბორტი (ინფექცია ლოკალიზებულია საშვილოსნოში); 2. გართულებული აბორტი (ინფექცია ვრცელდება საშვილოსნოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ შემოიფარგლება მცირე მენჯის მიდამოთი); 3. სეპტიკური აბორტი.

ინფიცირებული აბორტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

გაურთულებელი ცხელებით მიმდინარე აბორტის დროს აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, ლეიკოციტოზი. საშვილოსნო პალპაციით მტკივნეულია; დანამატების, მენჯის პერიტონეუმისა და საშვილოსნოს ირგვლივი ქსოვილების მხრივ ცვლილებები არ აღინიშნება.

ინფიცირებული აბორტი – გართულებული

ცხელებით მიმდინარე აბორტი ხასიათდება ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, მუცლის ქვევით ტკივილების გაჩენით, შემცივნებით, მაღალი ლეიკოციტოზით, ედსის მომატებით. საშვილოსნო მგრძნობიარეა პალპაციით, მოისინჯება დანამატები გადიდებულია. როდესაც ანთებით პროცესში ჩართულია მენჯის პერიტონეუმი, მუცლის ქვედა ნაწილებში ვლინდება პერიტონეალური მოვლენები.

სეპტიკური აბორტის დროს ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა: აღინიშნება ძლიერი შემცივნება, გამოხატულია ცხელება ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით.  შესაძლებელია განვითარდეს სეპტიკური პერიტონიტი, თრომბოფლებიტები, სეპტიკური პნევმონია, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ინფიცირებული აბორტი – მკურნალობა

გაურთულებელი ინფიცირებული აბორტის დროს აცილებენ სანაყოფო კვერცხის ნაწილებს (აქტიური მეთოდი) ან იმავე ოპერაციას გადადებენ ინფექციის გამოვლინებების ჩაცხრომამდე (მოცდის მეთოდი). გართულებული და სეპტიკური აბორტის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები მაღალი დოზებით, მადესენსიბილიზირებელი პრეპარატები, ვიტამინები, ვენაში კეთდება გადასხმები. სანაყოფო კვერცხის ნაწილებს აცილებენ მხოლოდ ძლიერი სისხლდენის დროს (სასიცოცხლო ჩვენება). გადასვლა >> გინეკოლოგია, მეანობა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.