ფუნიკულური მიელოზი

ფუნიკულური მიელოზი funicular myelosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფუნიკულური მიელოზი – ზურგის ტვინის ქვემწვავე კომბინირებული დეგენერაცია უკანა და გვერდითი ლარების დაზიანებით. დაავადების მიზეზია ვიტამინ В12 დეფიციტი; აღინიშნება პერნიციოზური ანემიის ა და სისხლის ზოგიერთი სხვა დაავადებების დროს, ზოგჯერ ავიტამინოზების, ინტოქსიკაციების, თირკმლისმიერი გენეზის ჰიპოკალიემიის, პორტოკავალური ანასტომოზის დროს.

ფუნიკულური მიელოზი –სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება პარესთეზიები ტერფებში, რასაც შემდგომში ერთვის ღრმა მგრძნობელობის მოშლა, სენსიტიური ატაქსია და სისუსტე ფეხებში. სახსარ-კუნთოვანი მგრძნობელობის მოშლის ხარისხის მიხედვით ფეხებში პარეზებს შეიძლება ჰქონდეთ სპასტიკური, ან დუნე ხასიათი. მყესთა რეფლექსები თავდაპირველად მომატებულია, დაავადების განვითარებასთან ერთად  სუსტდება. მუდმივად ვლინდება ტერფის პათოლოგიური რეფლექსები (ბაბინსკი და სხვ.). განსაკუთრებით დამახასიათებელია პირამიდული სიმპტომების შერწყმა დუნე პარეზებთან. მგრძნობელობისა და მოძრაობის დარღვევებს თან ახლავთ მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლა. ხშირად ფუნიკულური მიელოზი შერწყმულია ვიტამინ В12 დეფიციტურ პოლინევროპათიასთან, როდესაც პროცესში ერთვება პერიფერიული ნერვები. ტიპიური ფორმები ხასიათდებიან სენსიტიური ატაქსიისა და პარაპლეგიის შერწყმით. რიგ შემთხვევებში ვითარდება აპათია, ემოციური ლაბილობა, დეპრესია. გარდა ჩვეულებრივი, დაავადების თანდათანობითი განვითარებისა, ზოგჯერ აღინიშნება ნევროლოგიური დარღვევების მწვავე განვითარება, რომლის დროსაც 2-3 კვირის განმავლობაში წარმოიქმნება ზურგის ტვინის განივი დაზიანების სურათი ქვედა პარაპლეგიით, პარაანესთეზიით, მენჯისეული დარღვევებით. თანამედროვე პირობებში ვიტამინ В12-ს ფართო გამოყენებასთან დაკავშირებით, ფუნიკულური მიელოზის შემთხვევათა ნახევარი ატიპიურად მიმდინარეობს. დიაგნოზი პერნიციოზური ანემიის დროს რთული არ არის. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება В12-დეფიციტურ პოლინევროპათიასთან. გადამწყვეტი ნიშანია – პირამიდული სისტემის დაზიანება, რომელიც მიუთითებს ფუნიკულურ მიელოზზე. დიაგნოზის დადგენა რთულდება, როდესაც ნევროლოგიური სიმპტომები წარმოიქმნება ანემიის განვითარებამდე. ფუნიკულური მიელოზის დიაგნოზი დასტურდება აქილიური გასტრიტის დადგენითა და სტერილურ პუნქტატში მეგალობლასტების აღმოჩენით. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ნევროლოგიური დეფექტების სიმეტრიულობა ფუნიკულური მიელოზის დროს. დროულად დაწყებული მკურნალობის შედეგად ავადმყოფი გამოჯანმრთელდება; დაგვიანებული შემთხვევების დროს დგება პროცესის გაუმჯობესება ან სტაბილიზაცია. სიმპტომების ძირითადი რეგრესი აღინიშნება მკურნალობის პირველ 3-6 თვეზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ნერვული სისტემის დაავადებები