პოლინევრიტები

პოლინევროპათიები (პოლინევრიტები) polyneuritis

პოლინევროპათიები (პოლინევრიტები) მრავალი პერიფერიული ნერვის ერთდროული დაზიანება; ვლინდება კიდურების დისტალური ნაწილების მგრძნობელობის მოშლითა და დამბლებით, ზოგჯერ ქალას ნერვების დაზიანებით.

პოლინევრიტები – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ინტოქსიკაცია (ალკოჰოლი, ბენზინი, ტყვია, დარიშხანი, სულფანილამიდები), ინფექიური და ალერგიული გართულებები (დიფთერია, პნევმონია, პაროტიტი და ა. შ.),დისმეტაბოლური დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი, ურემია, პორფირია), კვების დარღვევები (В1, В12 ვიტაინების დეფიციტი), სისტემური დაავადებები (პერიარტერიიტი), ჰემობლასტოზები, ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები. ნერვული ღეროების დემიელინიზაციისა და დეგენერაციის გამოხატულება სხვადასხვაა; ე. წ. ინფექციურ პოლინევროპათიებს საფუძვლად უდევთ იმუნოლოგიური დარღვევები, და არა ინფექტებით პირდაპირი ინვაზია.

პოლინევრიტები – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში; ხშირად ავადდებიან ახალგაზრდები და საშუალო ასაკის პირები. დაავადების სიმპტომების განვითარება ქვემწვავე ან ქრონიკულია (გამონაკლისს წარმოადგენს გიიენ-ბარეს მწვავე დემილინიზირებადი პოლირადიკულონევროპათია). დამახასიათებელია კუნთების პროგრესირებადი სისუსტე, ატროფია, პარესთეზია, ტკივილი, ჰიპერესთეზია, ან ანესთეზია, რეფლექსების დაქვეითება ან გაქრობა. აღწერილი დარღვევები განსაკუთრებით გამოხატულია კიდურების დისტალურ ნაწილებში და იშვიათად ვრცელდება ტანზე. თანდათაობით ხდება მგრძნობელობის მოშლა. ტერფის დამბლის შედეგად წარმოიქმნება სტეპაჟი, მძიმე შემთხვევებში აღინიშნება ტეტრაპლეგია. კუნთები და ნერვული ღეროები პალპაციით მტკივნეულია, წარმოიქმნება ტროფიკული დარღვევები (კანის სიმშრალე და ციანოზი, ფრჩხილების დაზიანება). პროცესში ვაზომოტორული ბიჭკოების ჩართვა განაპირობებს ორთოსტატიკული ჰიპოტენზიის განვითარებას. პოლინევროპათიის ბუნება ირკვევა მხოლოდ ავადმყოფთა ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ. ყველაზე უფრო ხშირია დიაბეტური პოლინევროპათია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ ფეხზე რეფლექსების გაქრობით და ღრმა მგრძნობელობის მოშლით. პოლინევროპათიის განვითარება მოითხოვს ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ან მიელომური დაავადების გამორიცხვას.

პოლინევრიტები – დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პოლიმიოზიტთან (ადგილი არა აქვს მგრძნობელობისა და რეფლექსების მოშლას), პოლიომილიტთან (მხოლოდ მოძრაობითი დარღვევები) და ზურგის ტვინის ტაბესთან (ატროფიის არარსებობა). აუცილებელია ასევე გათვალისწინებული იქნას პოლინევროპათიის სუბკლინიკური მიმდინარეობა, როდესაც დაავადება ვლინდება მხოლოდ ერთი ან ორი ნერვის დაზიანებით; მხოლოდ დაწვრილებითი კლინიკური გამოკვლევა იძლევა საშუალებას დადგინდეს პროცესის პოლინევროპათიული ხასიათი.

პოლინევრიტები – მკურნალობა მიზეზის დადგენის შემთხვევაში ეტიოტროპულია.

პოლინევრიტები – პროგნოზი. ეგზოგენური მიზეზის დროულად დადგენისას შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება. ხშირად შესაძლებელია პროცესის სტაბილიზაცია ამა თუ იმ რეზიდუალური სიმპტომატიკის შენარჩუნებით.

ნერვული სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.