შიზოფრენია

შიზოფრენია schizophrenia

შიზოფრენია უცნობი ეტიოლოგიის ფსიქიკური დაავადებების ჯგუფი, რომელთა განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებენ ენდოგენური მექანიზმები და რომლებიც ცხოვრების გარკვეულ პერიოდამდე არ ვლინდებიან. ხასიათდება პიროვნების თანდათანობით მზარდი ცვლილებით (აუტიზმი, ემოციური გაღარიბება, უცნაურობების გაჩენა), სხვა ნეგატიური ცვლილებებითა (ფსიქიკური მოქმედების დისოციაცია, აზროვნების მოშლა, ენერეტიკული პოტენციალის დაცემა) და ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებებით (აფექტური, ნევროზულ – და ფსიქოპათურისებრი, ბოდვითი, ჰალუცინაციური, ჰებეფრენიული, კატატონური).

შიზოფრენიის ეტიოლოგია და პათოგენეზი არასკამარისადაა შესწავლილი. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კონსტიტუციურ-გენეტიკური ფაქტორები, ასევე ავადმყოფის სქესი და ასაკი. დააავადების განსაკუთრებით მძიმე ფორმები გვხვდება მამაკაცებში, ნაკლებად პროგრედიენტული – ქალებში. ახალგაზრდობაში დაწყებული შიზოფრენია მიმდინარეობს ნაკლები ავთვისებიანობით, ვიდრე მოზრდილებში.

შიზოფრენიის სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების განვითარების სტადიაზე და ფორმაზე. გამოყოფენ შიზოფრენიის სამ ძირითად ფორმას: უწყვეტად მიმდინარე, შეტევით – პროგრედიენტული და რეკურენტული (პერიოდული).

უწყვეტად მიმდინარე შიზოფრენიის დროს აღინიშნება ავადმყოფური გამოვლინებების თანდათანობითი დამძიმება, ნევროზისებრი, ჰალუცინაციურ-ბოდვითი და კატატონურ-ჰებეფრენიული დარღვევების თანამიმდევრული ცვლით. დუნედ მიმდინარე შიზოფრენიის დროს პროცესის განვითარება დიდხანს არ იწვევს პიროვნების გაუხეშებასა და სოციალური ადაპტაციის გამოხატულ დარღვევებს. კლინიკურ სურათში დომინირებს არაფსიქოპათიური სიმპტომატიკა (აკვიატებები, ფობიები, ისტერიული, სენესტოიპოქონდრიული, დეპერსონალიზაციის გამოვლინებები და სხვ.); გამონაკლისს შეადგენს პარანოიალური შიზოფრენია, რომელიც მიმდინარეობს ეჭვიანობის, გამომგონებლობის, იპოქონდრიული, სასიყვარულო და სხვ. ბოდვებით. პროცესის მაღალი პროგრედიენტულობის დროს და კლინიკურ სურათში ისეთი ჰალუცინაციურ-პარანოიდული დარღვევების სიჭარბისას, როგორიცაა თვალთვალის, განდიდების ბოდვები, ფიზიკური ზემოქმედების, ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენები (პარანოიდული შიზოფრენია), მატულობს ნეგატიურ ცვლილებები და ინტელექტის დაქვეითება, რომელიც არახელსაყრელ პირობებში მთავრდება საბოლოო მდგომარეობის ფორმირებით. ავთვისებიანი შიზოფრენიისათვის, რომელიც იწყება ბავშვობაში და ახალგაზრდობაში, დამახასიათებელია ნეგატიური ცვლილებების ადრეული გამოვლინება, ასევე დაავადების სწრაფი განვითარება, რომელიც უკვე 1-4 წელში მთავრდება საბოლოო მდგომარეობით – უხეში ემოციური დეფექტით, ქცევის რეგრესითა და აპათიური ჭკუასუსტობით.

შიზოფრენიის შეტევით-პროგრედიენტული ფორმა ხასიათდება შეტევებით, რომელთა შორის აღინიშნება რემისიები; რემისიის დროს გამოხატულია პიროვნების ნახტომისებური ცვლილება. დაავადების ამ ფორმის მიმდინარეობისათის დამახასიათებელია შეტევების შემდეგი ტიპები: მწვავედ განვითარებული ფსიქიკური ავტომატიზმის სინდრომი; მწვავე ბოდვითი (ეჭვიანობის, თვალთვალის, მოწამვლის ბოდვები); ჰალუცინაციური, კატატონურ-პარანოიდული, კატატონური და კატატონოჰებეფრენული. აღინიშნება ასევე შეტევები აფექტური, ნევროზულ-ფსიქოპათურისებრი დარღვევების სიჭარბით. შეტევით-პროგრედიენტული შიზოფრენიის მიმდინარეობა სხვადასხვაგვარია.  შესაძლებელია გახანგრძლივებულ, არაერთხელ განმეორებულ შეტევებს მოჰყვეს გვიანი რემისია, პროცესის ხანგრძლივი სტაბილიზაციით. აღინიშნება ასევე იშვიათ შეტევებით მიმდინარე დაავადების ვარიანტები, რომლებიც მანიფესტირდებიან უპირატესად ასაკობრივი კრიზების პერიოდში. რეკურენტული (პერიოდული) შიზოფრენია ვლინდება პერიოდულად წარმოქმნილი შეტევებით, რომლებიც არ გადადიან უხეშ ნეგატიურ ცვლილებებში და არ იცვლებიან ღრმა რემისიებით. განსაკუთრებით ტიპიურია დეპრესიულ-პარანოიდული შეტევები გაკიცხვის ბოდვებით, ინსცენირებით, და ონეიროიდულ-კატატონური შეტევები გონების ონეროიდული დაბინდვით; შედარებით იშვიათია ფებრილური კატატონიის შეტევები, რომლებიც მიმდინარეობენ მაღალი ტემპერატურითა და მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი დარღვევებით. აღინიშნება ასევე ატიპიური დეპრესიისა და მანიეის პერიოდულად ცვლადი შეტევები, რომელთა შორის აღინიშნება თიმოპათიური რემისიები (ცირკულარული შიზოფრენია).

ხშირად საჭირო ხდება შიზოფენიის დიფერენცირება სიმპტომური ფსიქოზებისაგან, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზისაგან, რეაქტიული მდგომარეობებისაგან, ნევროზებისა და ფსიქოპათიებისაგან.

შიზოფრენიის დიაგნოსტიკას აიოლებს პიროვნების თანდათანობითი ან ეტაპობრივი ცლილებები, ასევე აზროვნების დარღვევები, აბსტრაქტული, მეტაფიზიკური შინაარსის ბოდვითი იდეები, ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენები, კატატონურ-ჰებეფრენული სიმპტომატიკა.

შიზოფრენიის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ სურათზე, მიმდინარეობაზე და ეტაპზე. გამოხატული ფსიქოზური მდგომარეობების დროს, რომლებიც არღვევენ ავადმყოფთა ადაპტაციას და მოითხოვენ ჰოსპიტალიზაციას, გამოიყენება ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე მკურნალობის შოკური მეთოდები. ინსულინურ-კომატოზური და ელექტროშოკური თერაპია გამოიყენება როგორც მწვავე კატატონური, აფექტური და აფექტურ-ბოდვითი, ასევე ზოგიერთი გახანგრძლივებული მდგომარეობების დროს, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ფსიქოტროპული საშუალებებისადმი. პროცესის შედარებით ნელი განვითარების დროს, რემისიის პერიოდში, ასევე არაღრმა რემისიების დროს ტარდება მედიკამენტოზური მკურნალობა ფსიქოთერაპიისა და შრომითი თერაპიის კომბინაციით.

შიზოფრენიის პროგნოზი მწვავედ განვითარებული და მძაფრი ფსიქოზური სიმპტომატიკით მიმდინარეობის დროს შედარებით კეთილსაიმედოა, ვიდრე გახანგრძლივებული მიმდინარეობისას.

ფსიქიკური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შიზოფრენია – (ბერძ. schizein – გახლეჩა და phren – გონება) უცნობი ბუნების ფსიქიკური დაავადება ხანგრძლივი ქრონიკული მიმდინარეობით, რომელსაც თან ახლავს ფსიქიკური პროცესების დისოციაცია და პიროვნების მზარდი ცვლილებები. მისი კარდინალური ნიშანია აუტიზმი, ამბივალეტობა, ემოციური გაღარიბება, ასევე ე. წ. პოზიტიური დარღვევები – ბოდვითი, ჰალუცინაციური, კატატონური, ჰებეფრენული, აფექტური, ფსიქო –  და ნევროზისმაგვარი. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ უწყვეტ, შეტევით – პროგრედიენტულს და რეკურენტულს. უწყვეტი ხასიათდება გამოხატული რემისიების არარსებობით. პროგრედიენტობის ხარისხის მიხედვით განასხვავებენ ავთვისებიან, პროგრედიენტულ და დუნედ მიმდინარე შიზოფრენიას. ავთვისებიანი ვითარდება ბავშვობის ასაკში აღინიშნება ემიციური სიღარიბე, ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება, განცალკევება გარშემო მყოფთაგან, ინტელექტუალური არაპროდუქტიულობა. შეტევით – პროგრედიენტული შიზოფრენია ხასიათდება გამოკვეთილი შეტევებით და რემისიებით. რეკურენტული ვლინდება კატატონური, დეპრესიულ – პარანოიდალური, აფექტური შეტევებით. გამოხატული და მყარი ფსიქიკური ცვლილებების დროს, რაც იწვევს ადაპტაციის პროცესების შეუქცევად დარღვევებს და გამორიცხავს სრულყოფილ სოციალურ კავშირებს, ავადმყოფი ხდება სრულიად ქმედუუნარო და საჭიროებს მეურვეობას.