პროგრესირებადი დამბლა

პროგრესირებადი დამბლა progressive paralysis

პროგრესირებადი დამბლა დიფუზური სიფილისური მენინგოენცეფალიტი, რომელიც ვლინდება ფსიქოორგანული და ნევროლოგიური დარღვევებითა და მთავრდება ღრმა ჭკუასუსტობით.

პროგრესირებადი დამბლა წარმოიქმნება სიფილისით დასნებოვნებიდან დაახლოებით 10 – 15 წლის შემდეგ. მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, 2-5 წლის შემდეგ მთავრდება ლეტალურად. საწყის სტადიაში შესაძლებელია გამოვლინდეს ნევროზისმაგვარი მდგომარეობები (ფსევდონევრასთენია), ასევე მანიაკალური, დეპრესიული, დელირიული, ჰალუცინაციურ-პარანოიდული მდგომარეობები განდიდების იდეებითა და იპოქონდრიული ნიჰილისტური ბოდვებით.

თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, პირველ ადგილზე ძალიან სწრაფად გამოდის პიროვნების ცვლილებები (სიუხეშე, დაუდევრობა) და დემენციის მზარდი მოვლენები. ნევროლოგიურ სიმპტომებს შორის განსაკუთრებით დამახასიათებელია მეტყველების დარღვვები (დიზართრია, სკანდირებული მეტყველება და სხვ.), ასევე სინათლეზე გუგის რეაქციების არარსებობა, კონვერგენციისა და აკომოდაციის შენარჩუნებისას (არგაილ რობერტსონის სინდრომი). ხშირად აღინიშნება ცხვირ-ტუჩის ნაოჭების ასიმეტრია, ნიღბისებრი სახე, პტოზი, ხელწერის ცვლილება, მყესთა რეფლექსების უთანასწორობა.

პროგრესული დამბლის ადრეულ დიაგნოსტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება თერაპიის დროულად დაწყებისათვის და ლეტალური გამოსავლის თავიდან ასაცილებლად. დაავადების საწყისი სტადიებისათვის პათოგნომურია ნევროლოგიური გამოვლინებების შერწყმა (თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, მომატებული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება) ინტელექტუალური შეუმდგარობისა და პიროვნების ზოგადი ორგანული დაქვეითების ნიშნებთან, რასაც თან ახლავს ქცევის უწინდელი ფორმების, ზნეობრივი ნორმების, ტაქტისა და შედარებით ნაზი ემოციების დაკარგვა. მოზრდილ ასაკში ეპილეპტოფორმული გულყრების, ამნეზიური და მეტყველების დარღვევების გაჩენისას საჭიროა ავადმყოფის კლინიკურ და სეროლოგიურ გამოკვლევა. პროგრესული დამბლის დროს, როგორც წესი, ვლინდება დადებითი რეაქციები სიფილისზე: ვასერმანის რეაქცია, მკრთალი ტრეპონემების იმობილიზაციის რეაქცია, იმუნოფლუორესცენციის რეაქცია.

ფსიქიკური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.