ფსიქიკური დეფექტი

ფსიქიკურიდეფექტი mental defect

ფსიქიკური დეფექტი ავადმყოფური პროცესის შედეგად განპირობებული ფსიქიკური ფუნქციის მოშლა. ფსიქიკური დეფექტი ფორმირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, თავის ტვინის ტრავმის, ენცეფალოპათიების, ინტოქსიკაციების, ატროფიული და სისხლძარღვოვანი პროცესების შედეგად; ფსიქიკის ცვლილებები შესაძლოა  გამოვლინდეს სხვადასხვა ხარისხის ჭკუასუსტობით და მარაზმითაც კი.

ფსიქიკური დეფექტი – პარციალური (დისმნეზური) ჭკუასუსტობა ხასიათდება მეხსიერების შესუსტებით, ამასთან პირველ რიგში ავადმყოფს აღარ ახსოვს ახლო წარსულში მომხდარი მოვლენები, ახლადმიღებული ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგში ხდება შორეული წარსულის მოვლენების წაშლა. ამნეზური დარღვევები შერწყმულია ემოციურ დაძაბულობასთან, მტირალობასთან; მეხსიერების მოშლამ შესაძლებელია მიიღოს ამნეზიური დეზორიენტაციის ხარისხი. (ავადმყოფები ვეღარ აგნებენ საკუთარ სახლს, ვერ ცნობენ ნაცნობებსა და ახლობლებსაც კი); ამგვარი დარღვევების წარმოქმნას ჩვეულებრივ თან ახლავს კრიტიკის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გაღიზიანებადობა.

ფსიქიკური დეფექტი – ტოტალური (პარალიზური) ჭკუასუსტობა გამოიხატება შემეცნებითი მოღვაწეობის ყველა ფორმის უხეში დაქვეითებით, პიროვნების ინდივიდუალური თვისებების ნიველირებით, მსჯელობების სიმწირით, მყარი ეიფორიით; ქცევა არაადეკვატურია სიტუაციისა; ავადმყოფები არაკრიტიკულნი არიან, ხშირად შეუფერებლად იქცევიან.

ფსიქიკური დეფექტი – პიროვნების დაშლა (მარაზმი)ვლინდება კონტაქტების მოშლით გარშემომყოფებთან, მოუწესრიგებლობით, გაუმაძღრობით, რაც შერწყმულია კახექსიასთან. ავადმყოფები უმწეონი, საწოლზე მიჯაჭვულნი არიან. გარდა ფსიქიკის აღწერილი უხეში დარღვევებისა, გამოყოფენ აგრეთვე ნეგატიური ცვლილებების მსუბუქ ფორმებს. მათ საწყის გამოვლინებებს მიეკუთვნება ასთენიზაცია, ფსიქოპათიური ცვილებები. პიროვნების დონის დაქვეითებისას გარდა მომატებული გადაღლილობისა და გამაღიზიანებელი სისუსტისა, აღინიშნება აგრეთვე ფსიქიკური აქტიურობის ზოგადი დაქვეითება, ინტერესთა წრის შეზღუდვა, ინდივიდუალური დამახასიათებელი თვისებების ნიველირება.

ფსიქიკური დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.