კამპილობაქტერიოზი

კამპილობაქტერიოზი (ვიბროზი) campilobacteriosis

კამპილობაქტერიოზი (ვიბროზი) – ზოონოზური წარმოშობის მწვავე ინფექციური დაავადება. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, ცხელებით, კუჭ-ნაწლავის დაზიანებით, ზოგადი ინტოქსიკაციით. ახალშობილებში არაიშვიათად მიმდინარეობს სეპტიკური დაავადების სახით.

კამპილობაქტერიოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია კომპილობაქტერიის სხვადასხვა სეროტიპები. დასნებოვნება ხდება შინაური და სასოფლო-სამეურნეო ცხიველებიდან. ორგანიზმში გამომწვევი ხვდება ძირითადად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ალიმენტური დასნებოვნებისას, ასევე შესაძლებელია შეღწევა დაზიანებული კანიდან. ორსულ ქალებში აღინიშნება ინფექციის ტრანსპლაცენტური გადაცემა, რაც იწვევს აბორტსა და ნაყოფის მუცელშიგა დასნებოვნებას. დასუსტებულ ავადმყოფებში დაავადებას აქვს სეპტიკური მიმდინარეობა, მეორადი კერების ფორმირებით.

კამპილობაქტერიოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 1-დან 6 დღემდე (ხშირად 1-2 დღე). კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ ფორმებს: 1. გასტროინტერსტინური; 2. გენერალიზებული (სეპტიკური); 3. ქრონიკული; 4. სუბკლინიკური (ბაქტერიომტარებლობა). ხშირია გასტროინტერსტინური ფორმა. კამპილობაქტერიოზითაა განპირობებული 3-დან 30%-მდე ყველა დიარეული დაავადებები ბავშვებში, ხშირად პირველი წლის ასაკში. დაავადება იწყება მწვავედ; ვლინდება ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაცია და გასტროენტერიტის სინდრომი. აღინიშნება გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღებინება; განავალი უხვია, თხიერი, ქაფიანი, ლორწოსა და სისხლის მინარევი მოზრდილებში არ აღინიშნება. ბავშვებში  ინტოქსიკაცია მეტადაა გამოხატული, განავალში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ლორწო და სისხლი; არაიშვიათია ორგანიზმის გაუწყლოვნება (კანისა და ლორწოვანის სიმშრალე, ოლიგურია). გენერალიზებული ფორმა ხშირია ჩვილ ბავშვებში, იშვიათად დასუსტებულ მოზრდილებში. დაავადება მიმდინარეობს ცხელებით, გამოფიტვით, ანემიით. ამ ფონზე ვითარდება პნევმონია, პერიტონიტი, ღვიძლისა და თავის ტვინის აბსცესები და სხვ. სუბკლინიკური ფორმის დროს აღინიშნება გამომწვევის გამოყოფა განავლიდან და ანტისხეულების ტიტრის ზრდა სისხლის შრატში. ქრონიკული ფორმები თავიდანვე ღებულობენ ქრონიკულ მიმდინარეობას. აღინიშნება ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, სისუსტე, ასთენიზაცია, სხეულის მასის დაქვეითება, თვალების დაზიანება. ქალებში ხშირად ვითარდება ვაგინიტი, ვულვოვაგინიტი, ენდოცერვიციტი, უნაყოფობა. იშვიათად აღინიშნება ართრიტები, ენდოკარდიტები, პლევრიტები და სხვ.

კამპილობაქტერიოზი – დიაგნოზი დასტურდება განავლიდან, სისხლიდან, ზურგის ტვინის სითხიდან, აბსცესის ჩირქიდან, აბორტირებული ნაყოფის ქსოვილებიდან გამომწვევის გამოყოფით, ასევე სეროლოგიური გამოკვლევებით.

კამპილობაქტერიოზი – მკურნალობა. განსკუთრებით ეფექტურია ერითრომიცინი და გენტამიცინი. ქრონიკული ფორმების დროს ტარდება განმეორებითი კურსები.

კამპილობაქტერიოზი – პროფილაქტიკა. ინფექციისლიკვიდაცია ცხოველებში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, პირადი ჰიგიენის დაცვა და ა. შ.

ინფექციური დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კამპილობაქტერიოზი – მრავალ ქვეყანაში გავრცელებული მწვავე ნაწლავური ინფექცია, რომელსაც იწვევს კამპილობაქტერიები. დაავადება ვლინდება ცხელებით, ინტოქსიკაციით, ტკივილებით მუცელში, გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით. დაავადების ხანგრძლივობაა 5  – 7 დღე. მკურნალობა – ჰოსპიტალიზაცია, ანტიბიოტიკები.