ჰიპოთირეოზი

ჰიპოთირეოზი (მიქსედემა) myxedema
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

ჰიპოთირეოზი (მიქსედემა) – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია თირეოიდული ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის უკმარისობით; ხასიათდება ნერვულ-ფსიქიკური დარღვევებით, ნოვთიერებათა ცვლის მოშლით, სახის, კიდურებისა და ტანის შეშუპებებით, ბრადიკარდიით; ჰიპოთირეოზის მკვეთრად გამოხატულ ფორმას უწოდებენ მიქსედემას.

ეტიოლოგია

პირველადი ჰიპოთირეოზის დროს ადგილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის უშუალო დაზიანებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიებით, ინფექციებით, ავტოიმუნური პროცესებით, ოპერაციებით, გარემოში იოდის უკმარისობით და სხვ;
მეორადი ჰიპოთირეოზი ვითარდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის ინფექციური, სიმსივნური ან ტრავმული დაზიანების შედეგად. დაავადების პერიფერიული ფორმა განპირობებულია თირეოიდული ჰორმონების პერიფერიული მეტაბოლიზმის დარღვევებით ან  თირეოიდული ჰორმონების მიმართ ორგანოებისა და  ქსოვილების მგრძნობელობის დაქვეითებით.

პათოგენეზი

თირეოიდული ჰორმონების სეკრეციის დაქვეითება, რაც იწვევს ნივთერებათა ცვლის პროცესების შენელებას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

პირველადი ჰიპოთირეოზი შედარებით ხშირია ქალებში. დამახასიათებელია მცივანობა, ძილიანობა, მოდუნება, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების, მოძრაობის შენელება, სწრაფად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, ართრალგიები, სახისა და კიდურების შეშუპება, რასაც აქვს დამახასიათებელი ხასიათი. კანი მშრალია, ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერით. ენა გასქელებულია; აღინიშნება ხმის ჩახლეჩა, თავზე თმის დაცვენა და მათი მტვრევადობა. სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ყაბზობა, ბრადიკარდია, გულის ტონების მოყრუება, იშვიათად გულის შეკუმშვების ნორმალური სიხშირე, ზოგჯერ ტაქიკარდია.
ავადმყოფთა 10-20%-ს აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც როგორც წესი, ქვეითდება ან ქრება თირეოდული პრეპარატებით თერაპიის ფონზე. ცვლილებები ეკგ-ზე: კბილების დაბალი ვოლტაჟი, პარკუჭოვანი კოპლექსის ცვლილებები. ავტოიმუნური გენეზის პირველადი ჰიპოთირეოზი შესაძლოა შეუღლდეს სხვა პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლების პირველად უკმარისობასთან: თირკმელზედა ჯირკვლების (შმიდტის სინდრომი), ფარისებრახლო, კუჭქვეშა ჯირკვლის.
ხშირად ვითარდება ჰიპოქრომული რკინადეფიციტური ანემია. ზოგიერთ ავადმყოფთან ვლინდება პირველადი ჰიპოთირეოზის, ლაქტორეისა და ამენორეის განვითარება. მეორადი ჰიპოთირეოზი ჩვეულებრივ შერწყმულია ჰიპოფიზის რამდენიმე ან ყველა ფუნქციის დაქვეითებასთან ან გამოვარდნასთან (პანჰიპოპიტუიტარიზმი). სიმპტომატიკის გამოხატულება და დაავადების განვითარების სისწრაფე დამოკიდებულია თირეოიდული უკმარისობის ხარისხზე და ავადმყოფის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
პირველადი ჰიპოთირეოზის დროს აღინიშნება თირეოტროპული ჰორმონის დონის მომატება, ხოლო მეორადის დროს მისი  დაქვეითება სისხლში, ასევე ჰიპერქოლესტერინემია, ლიპოპროტეიდების მაღალი დონე.

დიაგნოსტიკა

დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, განსაკუთრებით ფარული ფორმების დროს, აქვს სინჯს თიროლიბერინთან. ჰიპოფიზური გენეზის მეორადი ჰიპოთირეოზის დროს თირეოტროპული ჰორმონის რეაქცია თიროლიბერინზე არ აღინიშნება. პირველადი ჰიპოთრეოზის დროს ხშირად მომატებულია პროლაქტინის დონე.

მკურნალობა

ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლისპრეპარატებით ან სინთეზური თირეოიდული ჰორმონებით.

ენდოკრინული სისტემის დაავადებები

ჰიპოთირეოზი (მიქსედემა) – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან🩺

ჰიპოთირეოზი (მიქსედემა) – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია თირეოიდული ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის უკმარისობით
🔗 ჰიპოთირეოზი ხასიათდება:
➡️ ნერვულ-ფსიქიკური დარღვევებით;
➡️ ნივთიერებათა ცვლის მოშლით;
➡️ სახის, კიდურებისა და ტანის შეშუპებებით;
➡️ ბრადიკარდიით

📍 პირველადი ჰიპოთირეოზის დროს ადგილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის უშუალო დაზიანებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს:
✔️ ჯირკვლის თანდაყოლილი ანომალიებით;
✔️ ინფექციებით;
✔️ ავტოიმუნური პროცესებით;
✔️ ოპერაციებით;
✔️ გარემოში იოდის უკმარისობით

📍 მეორადი ჰიპოთირეოზი ვითარდება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის ინფექციური, სიმსივნური ან ტრავმული დაზიანების შედეგად
👉 შეიტყვეთ მეტი ჰიპოთირეოზის შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3L9nDRa

#ჰიპოთირეოზი #მიქსედემა #ჰიპოთირეოზისსიმპტომები #ჰიპოთირეოზისნიშნები #ჰიპოთირეოზისმკურნალობა #ჰიპოთირეოზისგართულებები #რატომვითარდებაჰიპოთირეოზი #იოდისნაკლებობა #წონისმატება #დაღლილობა #თმისცვენა #გამომშრალიკანი #ყაბზობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოც. ქსელებში:

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.