ჰიპოგონადიზმი

ჰიპოგონადიზმი hypogonadism

ჰიპოგონადიზმი (მამრობითი) – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ანდროგენების სეკრეციის უკმარისობით.

ჰიპოგონადიზმი – ეტიოლოგიასასქესო ჯირკვალების თანდაყოლილი განუვითარებლობა, ტოქსიკური, ინფეციური, სხივური დაზიანება, ჰიპოფიზურ-ჰიპოთალამური სისტემის ფუნქციის მოშლა.

ჰიპოგონადიზმი – პათოგენეზისათესლეების მიერ სასქესო ჰორმონების სეკრეციის დაქვეითება. პირველადი ჰიპოგონადიზმის დროს ზიანდება უშუალოდ ტესტიკულური ქსოვილი, ხოლო მეორადის დროს სასქესო ჯირკვალების ჰიპოფუნქცია განპირობებულია ჰიპოფიზის გონადოტროპული ფუნქციის დაქვეითებით.

ჰიპოგონადიზმი – სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია ასაკზე, როდესაც განვითარდა დაავადება, და ანდროგენური უკმარისობის ხარისხზე. განასხვავებენ პუბერტულამდელ და პოსტპუბერტულ ფორმებს. თუკი სათესლეები დაზიანდა სქესობრივ მომწიფებამდე, ვითარდება ტიპიური ევნუქოიდური სინდრომი; დამახასიათებელია არაპროპორციული სიმაღლე ეპიფიზული ზონების გაძვალების დაგვიანების გამო, კიდურების დაგრძელება, გულმკერდისა და მხრის სარტყლის განუვითარებლობა. ჩონჩხის მუსკულატურა სუსტადაა განვითარებული, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განაწილებულია ქალური ტიპით; ხშირია ჭეშმარიტი გინეკომასტია. კანი ფერმკრთალია. სუსტადაა განვითარებული მეორადი სასქესო ნიშნები: სახეზე და ტანზე თმიანობის არარსებობა, ხორხის განუვითარებლობა, მაღალი ხმა. სასქესო ორგანოები განუვითარებელია: სასქესო ასო მცირე ზომისაა, სათესლე პარკი ფორმირებულია, მაგრამ დეპიგმენტირებულია, ნაკეცების გარეშე, სათესლეები ჰიპოპლაზურია, წინამდებარე ჯირკვალი განუვითარებელია, ხშირად პალპალციით არ ისინჯება. მეორადი ჰიპოგონადიზმის დროს გარდა ანდროგენური უკმარისობის სიმპტომებისა, ხშირად აღინიშნება სიმსუქნე; ხშირია შინაგანი სეკრეციის სხვა ჯირკვლების ჰიპოფუნქცია – ფარისებრის, თირკმელზედა ჯირკვლების. შესაძლებელია აღინიშნოს პანჰიპოპიტუიტარიზმის სიმპტომატიკა. სქესობრივი ლტოლვა და პოტენცია არ აღინიშნება. თუკი სათესლეების ფუნქციის გამოვარდნა მოხდა სქესობრივი მომწიფების შემდეგ, როდესაც სქესობრივი განვითარება და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ფორმირება უკვე დამთავრებულია, დაავადებების სიმპტომები ნაკლებადაა გამოხატული. დამახასიათებელია სათესლეების შემცირება, სახისა და სხეულის თმიანობის შემცირება, კანის გათხელება და მისი ელასტიკურობის დაკარგვა, ქალური ტიპის სიმსუქნე, სასქესო ფუნქციის მოშლა, უნაყოფობა, ვეგეტატურ-სისხლძარღვოვანი დარღვევები.

ჰიპოგონადიზმი – დიაგნოსტიკაში გამოიყენება რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული გამოკვლევების მონაცემები. ჰიპოგონადიზმის დროს, რომელიც წარმოქმნება სქესობრივ მომწიფებამდე, აღინიშნება ,,ძვლოვანი“ ასაკის ჩამორჩენა პასპორტულ ასაკზე რამდენიმე წლით. სისხლში ტესტოსტერონის შემცველობა ნორმის ქვევითაა. პირველადი ჰიპოგონადიზმის დროს სისხლშიაღინიშნება გონადოტროპინების დონის მომატება, ხოლო მეორადის დროს – მისი დაქვეითება, ზოგიერთ შემთხვევებში მათი შემცველობა შესაძლოა იყოს ნორმის ფარგლებში. ეაკულატის ანალიზით აღინიშნება აზოო – ან ოლიგოსპერმია, ზოგიერთ შემთხვევებში ეაკულატის მიღება ვერ ხერხდება. პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა. დაავადება ქრონიკულია, მკურნალობის პროცესში შესაძლებელია შემცირდეს ანდროგენური უკმარისობის სიმპტომები.

ენდოკრინული სისტემის დაავადებები


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.