უშაქრო დიაბეტი

უშაქრო დიაბეტი diabetes insipidus

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

უშაქრო დიაბეტი დაავადება, რომელიც განპირობებულია ანტიდიურეზული ჰორმონის (ვაზოპრესინის) აბსოლუტური ან შეფარდებითი უკმარისობით; ვლინდება პოლიურიითა და პოლიდიფსიით.

უშაქრო დიაბეტი – ეტიოლოგია. მწვავე და ქრონიკული ინფექციები, ტრავმები (შემთხვევითი, ქირურგიული), ასევე ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური სისტემის სისხლძარღვოვანი დაზიანებები. ზოგიერთ ავადმყოფთან დაავადების ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენა ვერ ხერხდება; ამ ფორმას გამოყოფენ როგორც იდიოპათიკურ უშაქრო დიაბეტს.

უშაქრო დიაბეტი – პათოგენეზი. ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა (ცენტრალური ფორმა) ან ანტიდიურეზული ჰორმონის ფიზიოლოგიური მოქმედების უკმარისობა მისი ნორმალური სეკრეციის დროს (შეფარდებითი უკმარისობა). ამ უკანასკნელის განვითარებაში გარკვეული მიშვნელობა აქვს წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაციის არასრულფასოვნებას, თირკმელების მილაკოვანი ეპითელის უნარის დაქვეითებას რეაგირება მოახდინოს ანტიდიურეზულ ჰორმონზე (დაავადების ნეფროგენული ფორმა), თირკმელების კისტოზური, დეგენერაციული და ანთებითი ფორმების დროს, ასევე ანტიდიურეზული ჰორმონის ინაქტივაციის გაძლიერება ღვიძლისა და თირკმელების მიერ. ანტიდიურეზული ჰორმონის უკმარისობა იწვევს წყლის რეაბსორბციის დაქვეითებას და ხელს უწყობს არაკონცენტრირებული შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფას, ზოგად დეჰიდრატაციას, წყურვილსა და დიდი რაოდენობით სითხის მიღებას.

უშაქრო დიაბეტი – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება წარმოიქმნება ორივე სქესის პირებში ახალგაზრდა ასაკში. უეცრად ვითარდება ხშირი და უხვი შარდგამოყოფა (პოლიურია), წყურვილი (პოლიდისფსია), რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია ღამით; ირღვევა ნორმალური ძილი; შარდის დღე-ღამური რაოდენობა შეადგენს 6-15 ლიტრსა და მეტს, შარდი ღია ფერისაა, დაბალი ხვედრითი წონით; აღინიშნება უმადობა, სხეულის წონაში დაკლება, გაღიზიანებადობა, მომატებული დაღლილობა, კანის სიმშრალე, ოფლის გამოყოფის დაქვეითება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების დარღვევა. შესაძლებელია ბავშვების ფიზიკურ და სქესობრივ განვითარებაში ჩამორჩენა. ქალებში შესაძლოა აღინიშნებოდეს მენსტრუალური ციკლის მოშლა, მამაკაცებში – პოტენციის დაქვეითება. დამახასიათებელია ფსიქიკური მოშლილობები: უძილობა, ემოციური გაუწონასწორებლობა. სითხის მიღების შეზღუდვისას ავადმყოფებში ვითარდება დეჰიდრატაციის სიმპტომები: თავის ტკივილი, კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, ფსიქიკური დარღვევები, სისხლის შესქელება, კოლაფსი. დიაგნოზი ეფუძნება კლინიკურ სურათს: პოლიდიფსია, პოლიურია, შარდის დაბალი ხვედრითი წონა და შარდის ნალექში პათოლოგიური ცლილებების არარსებობა. პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა, თუმცა სრული გამოჯანმრთელების შემთხვევები იშვიათია.

უშაქრო დიაბეტი – მკურნალობა მიმართულია პირველ რიგში დაავადების ძირითადი მიზეზის ლიკვიდაციისაკენ (ნეიროინფექცია, სიმსივნეები). ტარდება ჩანაცვლებითი თერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ენდოკრინული სისტემის დაავადებები