ტროპიკული სპრუ

ტროპიკული სპრუ tropical sprue

ტროპიკული სპრუ – მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ლორწოვანი გარსის ანთებით – ატროფიული ცვლილებებით, შეუჩერებელი ფაღარათით, გლოსიტით და ნორმოქრომული ანემიით; გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. უფრო ხშირად ავადდებიან ქალები, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში, ასევე ხანდაზმულები.

ტროპიკული სპრუ  – ეტიოლოგია და პათოგენეზი არასაკმარისადაა შესწავლილი. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს არასრულფასოვანი კვება (უპირატესად მცენარეული საკვები), საკვებში ცილის არასაკმარისი გამოყენება, ვიტამინების დეფიციტი, მძიმე ინფექციური დაავადებები, წინამორბედი ბაქტერიული და პროტოზოული ენტეროკოლიტები, ორგანიზმის დასუსტება და გამოფიტვა, ენდოკრინული დისფუნქციები (ქალებში ლაქტაციის პერიოდი, სქესობრივი ფუნქციის შეწყვეტა), ნერვულ – ფსიქიკური გადაძაბვები. ვიტამინების უკმარისობა, რაც კიდევ უფრო ღრმავდება მათი შეწოვის მოშლით ნაწლავებში, ხელს უწყობს დისტროფიული ცვლილებების წარმოქმნას ორგანოებში, ხოლო ფოლიუმის მჟავას და ვიტამინ B12 – ს დეფიციტი – ანემიის განვითარებას.

ტროპიკული სპრუ  – სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება იწყება გაურკვეველი დისპეფსიური ჩივილებით, მუცელში ყურყურით, მეტეორიზმით; შემდეგში ვლინდება ფაღარათი; განავალი თხიერია, ქაფიანი. პროცესში მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების ჩართვისას  – ტენეზმები; განავალი შეიცავს ლორწოსა და ჩირქის მინარევს. ავადმყოფები წონაში იკლებენ, წარმოიქმნება პოლიჰიპოვიტამინოზის ნიშნები. კანი მშრალი, ჰიპერპიგმენტურია, მუცელი მკვეთრად შებერილია, პერკუსიით აღინიშნება ტიმპანური ხმიანობა. დამახასიათებელია ეროზიულ – წყლულოვანი გლოსიტი, ენის დვრილები თანდათანობით ატროფირდება, ენა გლუვია, მბზინავი (,,ლაქიანი” ენა).

ლაბორატორიული გამოკელევებით ვლინდება ანემია (ნორმო – ან ჰიპერქრომული), ჰიპოპროტეინემია. განავალს აქვს მჟავე რეაქცია, მასში დიდი რაოდენობითაა გადაუმუშავებელი ცხიმის წვეთები, ცხიმოვანი მჟავების კრისტალები, კუნთოვანი ბოჭკოები, გადაუშავებელი უჯრედისი; რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება ლორწოვანი გარსის რელიეფის გადასწორება და კონტრასტული ნივთიერების სწრაფი გადაადგილება ნაწლავში; ზოგჯერ აღინიშნება დაგროვებული სითხისა და გაზების ჰორიზონტალურ დონეები ნაწლავურ მარყუჟებში. კუჭის, თორმეტგოჯა და მსხვილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ენდოსკოპური გამოკვლევა და ბიოფსია ადასტურებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებში ანთებით – ატროფიული ცვლილებების არსებობას. დაავადებას ახასიათებს ნელი, პროგრესირებადი მიმდინარეობა რემისიებისა და გამწვავებების პერიოდებით. საწყის სტადიებში შესაძლებელია ავადმყოფის გამოჯანმრთელება, შორს წასულ შემთხვევებში კი პროგნოზი არაკეთილსაიმედოა; ხშირად სიკვდილის მიზეზი ხდება ზოგადი გამოფიტვა. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ამებიაზთან, დიზენტერიასთან, ენტეროკოლიტის ბანალურ ფორმებთან. ჰიპერქრომულმა ანემიამ რიგ შემთხვევებში შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული სიძნელე დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას B12 დეფიციტურ ანემიასთან; თუმცა დიარეის არსებობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსების ბიოფსიის მონაცემები საფუძველს იძლევა დაისვას სწორი დიაგნოზი.

დაავადების გამწვავების პერიოდში და კვების უკმარისობის სინდრომის გამოხატული გამოვლინებისას მკურნალობა ტარდება სტაციონარში. ინიშნება დიეტა, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეზღუდვით, ცილის შემცველობის გაზრდით, ვიტამინებით; საკვები უნდა იყოს მექანიკურად კარგად დამუშავებული, ორთქლზე მომზადებული. კვება დღეში 4 – 5 ჯერადია. დამატებით ინიშნება ვიტამინები განსასუთრებით დიდი დოზევბით. მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია ანაბოლური სტეროიდული ჰორმონებიდა გლუკოკორტიკოიდები. პირში წყლულები მუშავდება ნატრიუმის ტეტრაბორატის 2% – იანი ხსნარით და სხვა ანტისეპტიკური და შემკვრელი საშუალებებით. რიგ შემთხვევებში, როდესაც დაავადება ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, ნაჩვენებია ავადმყოფის საცხოვრებლად გადასვლა შედარებით ცივი კლიმატის ადგილზე.

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტროპიკული სპრუ – მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ლორწოვანი გარსის ანთებით – ატროფიული ცვლილებებით, შეუჩერებელი ფაღარათით, გლოსიტით და ნორმოქრომული ანემიით; გავრცელებულია ტროპიკული და სუბტროპიკული კლიმატის ქვეყნებში. უფრო ხშირად ავადდებიან ქალები, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში, ასევე ხანდაზმულები.