ეზოფაგიტი

ეზოფაგიტი esophagitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ეზოფაგიტი – საყლაპავის ანთება. განახვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მწვავე ეზოფაგიტები ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ცხელი საკვებითა და სასმელით, ქიმიური ნივთიერებებით (კოროზიული ეზოფაგიტები), მწვავე ინფექციური დაავადებების დროს (ქუნთრუშა, დიფთერია, სეფსისი და სხვ.) ხშირად თან ახლავს მწვავე ფარინგიტებს, გასტრიტებს. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტი ვითარდება ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებლების განმეორებითი მოქმედებით: ძალზე ცხელი, უხეში და ცხარე საკვებით, მაგარი ალკოჰოლური სასმელებით, ზოგიერთი საწარმოო ტოქსიკური ნივთიერებებით და ა. შ. ქრონიკული ეზოფაგიტები ხშირად თან ახლავს ცხვირ – ხახისა და კუჭის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს, რიგ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს – ტუბერკულოზი, სიფილისი. შეგუბებითი ეზოფაგიტები წარმოიქმნება საყლაპავში საკვების შეჩერებისა და დაშლისას, რაც უკავშირდება საყლაპავის სპაზმს, კარდიის აქალაზიას. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია კუჭის წვენის გადასროლა საყლაპავში კარდიის უკმარისობის შედეგად – ე. წ. რეფლუქს – ეზოფაგიტი ან პეპტიკური ეზოფაგიტი, რომელიც აღინიშნება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის აქსილარული თიაქრის დროს, ოპერაციის შემდეგ, სისტემური სკლეროდერმიის დროს – კარდიის ზონის გლუვი კუნთების ატროფიიის შედეგად. წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს კარდიის შეფარდებით ანუ ფუნქციონალურ უკმარისობას, სპასტიკური შეკუმშვისა და კუჭის ჰიპერტონუსის გამო. კარდიის უკმარისობა და რეფლუქს – ეზოფაგიტი აღინიშნება აგრეთვე ორსულობისას, მუცლის ღრუს დიდი სიმსივნეების დროს.

პათოგენეზი

საყლაპავის ლორწოვან გარსზე უშუალო ქიმიური, თერმული, ტოქსიკური ან პეპტიკური ზემოქმედება, იშვიათად – ბაქტერიული, ტოქსიკური ან ტოქსიკურ – ალერგიული დაზიანება.

სიმპტომები, მიმდინარეობა

მწვავე კატარალური ეზოფაგიტი ვლინდება გულძმარვით, წვით, მკერდის უკან ჩაფხაჭნით, იშვიათად ტკივილით, დისფაგიით. რეფლუქს – ეზოფაგიტის დროს ძირითადი სიმპტომია გულძმარვა და ბოყინი, რომელიც ძლიერდება სხეულის დახრისას და ავადმყოფის ჰორიზონტალური მდებარეობისას. ხშირად აღინიშნება მკერდუკანა ტკივილი ყლაპვისას, ზოგჯერ მოგვაგონებს კორონარულს. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი და კუჭ – საყლაპავის რეფლუქსი. ეზოფაგოსკოპია საშუალებას იძლევა შევაფასოთ ეზოფაგიტის ხარისხი, მისი გავრცელება, ხასიათი.

გართულებები

საყლაპავის აბსცესისა და ფლეგმონის დროს შესაძლოა განვითარდეს მისი კედლის პერფორაცია, მედიასტინიტი ან პერიტონიტი. ჰემორაგიული და ეროზიული ეზოფაგიტის დროს მოსალოდნელია

სისხლდენები. მძიმე მწვავე და ქრონიკულმა ეზოფაგიტებმა შესაძლოა გამოიწვიოს საყლაპავის სტრიქტურა და დანაწიბურება; ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრის წარმოქმნას ან გადიდებას.

მწვავე კოროზიული ეზოფაგიტის მკურნალობა

ასევე აბსცესის და ფლეგმონის, – ტარდება სტაციონარში. მწვავე და ქვემწვავე ეზოფაგიტის დროს ინიშნება ანტიბიოტიკები. მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტების დროს ნაჩვენებია შემკვრელი ნივთიერებები. რეფლუქს – ეზოფაგიტის მკურნალობა ტარდება კონსერვატორულად. კუჭ – საყლაპავის რეფლუქსის მოსახსნელად იკრძალება სხეულის დახრასთან და მუცლის პრესის დაჭიმვასთან დაკავშირებული ფიზიკური მუშაობა; . რეკომენდებულია ძილი ნახევრად აწეული სხეულით. მედიკამენტებიდან ინიშნება შემკვრელი და ანტაციდური პრეპარატები. მკვეთრად გამოხატული თანმხლები ეზოფაგოსპაზმის დროს ნაჩვენებია სპაზმოლიზური და ქოლინოლიზური საშუალებები. კოროზიული ეზოფაგიტების დროს სტრიქტურის ფორმირების თავიდან აცილების მიზნით ტარდება საყლაპავის ბუჟირება. რეფლუქს – ეზოფაგიტების დროს, რომელიც განპირობებულია დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქრით და არ ექვემდებარება კონსერვატულ მკურნალობას, ტარდება ოპერაცია, რომელიც მიმართულია თიაქრისსაწინააღმდეგოდ და კარდიის ჩამკეტი მექანიზმის აღსადგენად. მწვავე კოროზიული ეზოფაგიტების, საყლაპავის აბსცესებისა და ფლეგმონის დროს პროგნოზი საკმაოდ სერიოზულია, ქრონიკული ეზოფაგიტების დროს – მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია დროულ და სისტემატურად ჩატარებულ მკურნალობაზე.

________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. არჩილ შენგელიალალი დათეშიძე, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

….