ქრონიკული ქოლეცისტიტი

ქრონიკული ქოლეცისტიტი chronic cholecystitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ქრონიკული ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება. საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით ხშირია ქალებში.

ქრონიკული ქოლეცისტიტი – ეტიოლოგია, პათოგენეზი

ბაქტერიული ფლორა (ნაწლავის ჩხირი, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვ.), იშვიათ შემთხვევებში – ანაერობები, ჭიით ინვაზია (ასკარიდები) და სოკოვანი დაზიანება (აქტინომიკოზი), ჰეპატიტის ვირუსი; ქოლეცისტიტი შესაძლოა იყოს ტოქსიკური ან ალერგიული წარმოშობის. ნაღვლის ბუშტში მიკრობული ფლორის შეღწევა ხდება ენტეროგენული, ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ნაღვლის შეგუბება ნაღვლის ბუშტში, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ნაღვლის კენჭებმა, ნაღვლგამომყოფი სადინრების გაჭყლეტა და გადახრები, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლგამომყოფი გზების დისკინეზიები, სანაღვლე გზების ტონუსისა და მოტორული ფუნქციის მოშლა და სხვ.. ნაღვლის ბუშტში ნაღვლის შეგუბებას ხელს უწყობს აგრეთვე შინაგანი ორგანოების დაწევა, ორსულობა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, საკვების იშვიათი მიღება და სხვ. გარკვეული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე პანკრეასული წვენის გადასვლას ნაღვლის სადინრებში მათი დისკინეზიისას, მათ პროტეოლიზურ მოქმედებას ნაღვლის სადინრებისა და ნაღვლის ბუშტის ლორწოვან გარსზე. ნაღვლის ბუშტში პათოლოგიური პროცესის უშუალო ბიძგი შესაძლოა გახდეს საკვების ჭარბი მიღება, განსაკუთრებით ძალზე ცხიმიანი და ცხარე საკვებისა, ალკოჰოლური სასმელების, ასევე სხვა ორგანოში მიმდინარე მწვავე ანთებითი პროცესი (ანგინა, პნევმონია, ადნექსიტი და ა. შ.). ქრონიკული ქოლეცისტიტი შესაძლოა წარმოიქმნას მწვავე ქოლეცისტიტის შემდეგ, მაგრამ ხშირად იგი ვითარდება დამოუკიდებლად და თანდათანობით, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, სეკრეტორული უკმარისობით მიმდინარე გასტრიტის, ქრონიკული პანკრეატიტისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვა დაავადებების ფონზე.

ქრონიკული ქოლეცისტიტი – სიმპტომები, მიმდინარეობა

დამახასიათებელია ყრუ ხასიათის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, 1 – 3 საათის შემდეგ უხვი და განსაკუთრებით ცხიმიანი და შემწვარი საკვების მიღებიდან. ტკივილი ირადირებს ზემოთ, მარჯვენა მხრისა და კისრის არეში, მარჯვენა ბეჭში. პერიოდულად შესაძლოა განვითარდეს ძლიერი ტკივილი, რომელიც მოგვაგონებს ნაღვლის კოლიკას. ხშირია დისპეფსიური მოვლენები: მწარე გემო პირში, ბოყინი, გულისრევა, მეტეორიზმი, დეფეკაციის დარღვევა, ასევე გაღიზიანებადობა, უძილობა; სიყვითლე დამახასიათებელი არ არის. მუცელი პალპაციით, როგორც წესი, მგრძნობიარეა ზოგჯერ კი გამოხატულია მტკივნეულობა ნაღვლის ბუშტის პროექციაში მუცლის წინა კედელზე და მუცლის კედლის მსუბუქი რეზისტენტობა. დადებითია მიუს – გეორგიევსკის, ორტნერის, მერფის სიმპტომები; ღვიძლი რამდენადმე გადიდებულია, აქვს მკვრივი და მტკივნეული კიდეები. ნაღვლის ბუშტი უმრავლეს შემთხვევაში არ პალპირდება, ვინაიდან იგი შეჭმუხნულია ქრონიკული ნაწიბუროვან – სკლეროზული პროცესით. გამწვავების დროს აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ედსი მომატებულია; აღინიშნება აგრეთვე ტემპერატურული რეაქცია. მიკროსკოპული გამოკვლევით დუოდენალურ შემცველობაში ვლინდება დიდი რაოდენობით ლორწო, ეპითელის უჯრედები; ნაღვლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით ადგენენ ქოლეცისტიტის გამომწვევს. ქოლეცისტოგრაფიით ზოგჯერ მასში ვლინდება კენჭები. გამაღიზიანებლის მიღების შემდეგ (ქოლეცისტოკინეტიკი) აღინიშნება ნაღვლის ბუშტის არასაკმარისი შეკუმშვა. დაავადების მიმდინარეობა უმრავლეს შემთხვევაში ხანგრძლივია, ხასიათდება რემისიისა და გამწვავებების პერიოდებით; ეს უკანასკნელი ხშირად წარმოიქმნება კვების რეჟიმის დარღვევის შედეგად, ალკოჰოლური სასმელების მიღების, მძიმე ფიზიკური მუშაობის, მწვავე ნაწლავური ინფეციების თანდართვისას, გაცივების დროს.

ქრონიკული ქოლეცისტიტი – პროგნოზი

უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. ავადმყოფთა საერთო მდგომარეობის გაუარესება და მათი შრომისუნარიანობის დაკარგვა აღინიშნება მხოლოდ დაავადების გამწვავების პერიოდში. მიმდინარეობის თავისებურების მიხედვით გამოყოფენ ქრონიკული ქოლეცისტიტის ლატენტურ (დუნედ მიმდინარე), მორეციდივე, ჩირქოვან – წყლულოვან ფორმებს.

ქრონიკული ქოლეცისტიტი – გართულებები

ქრონიკული ქოლანგიტის, ჰეპატიტის, პანკრეატიტის თანდართვა. ხშირად ანთებითი პროცესი ბიძგია კენჭების წარმოქმნისა ნაღვლის ბუშტში. ქრონიკული ქოლეცისტიტის დიფერენცირებას ახდენენ ნაღვლკენჭოვანი დაავადებასთან, ქრონიკულ ქოლანგიტთან. ძირითადი მნიშვნელობა აქვს ქოლეცისტო – და ქოლეგრაფიას, ასევე ექოგრაფიას.

ქრონიკული ქოლეცისტიტი – მკურნალობა

ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავების დროს საჭიროა ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ ან თერაპიულ სტაციონარში; მკურნალობას ატარებენ როგორც მწვავე ქოლეცისტიტის დროს. შედარებით მსუბუქ შემთხვევებში შესაძლებელია ამბულატორული მკურნალობა. ინიშება წოლითი რეჟიმი, დიეტა, საკვების მიღება დღეში 4 – 5 – ჯერ, ანტიბიოტიკები. სანაღვლე გზების დისკინეზიის, სპასტიური ტკივილების, ნაღვლის დინების გასაუმჯობესებლად ინიშნება სპაზმოლიზური და ქოლინოლიზური საშუალებები, ხოლო არამკვეთრი გამწვავებებისას და ანთებითი მოვლენების ჩაცხრომის პერიოდში ნაჩვენებია დუოდენალური ზონდირება, ან ე. წ. ყრუ, უზონდო ამორეცხვები, მაგნიუმის სულფატის ტიუბაჟით ან თბილი მინერალური წყლით. რიგ შემთხვევებში ნაჩვენებია ქრონიკული ქოლეცისტიტიქირურგიული მკურნალობა.

ქრონიკული ქოლეცისტიტიპროფილაქტიკა

ითვალისწინებს კვების რეჟიმის დაცვას, სპორტით, ფიზკულტურით დაკავებას; სიმსუქნის თავიდან აცილებას, ინფექციის კერების მკურნალობას.

__________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

    • გაფრთხილება
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
    • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
    • Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები