საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი

ლალი დათეშიძე

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტში საჭმლის მონელების დარღვევით. განასხვავებენ მონელებას ღრუ ორგანოში და კედლისმიერ მონელებას, ასევე საჭმლის მონელების უკმარისობის სინდრომის შერეულ ფორმებს.
დისპეფსიები. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დისპეფსიები წარმოიქმნება კუჭის სეკრეტორული ფუნქციის, კუჭქვეშა ჯირკვლის შიგასეკრეტორული ფუნქციის, ნაღვლის გამოყოფის არაკომპენსირებული უკმარისობით, ქიმუსის პასაჟის დარღვევით კუჭ – ნაწლავის ტრაქტში; გარკვეული მნიშვნელობა აქვს ნაწლავურ ინფექციებს, დისბაქტერიოზს, ალიმენტურ დარღვევებს. დისპეფსია შესაძლოა იყოს ფუნქციონალური, მაგრამ უფრო ხშირად შედეგია საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებებისა. ხასიათდება საკვები ნივთიერებების არასრული დაშლით, ნაწლავში ბაქტერიული ფლორის აქტიური გამრავლებით, დისბაქტერიოზის განვითარებით, ბაქტერიების მონაწილებით საკვები ნივთიერებების ფერმენტულ დაშლაში, ტოქსიკური პროდუქტების წარმოქმნით (ამიაკი, ინდოლი, დაბალმოლეკულური მჟავები და სხვ.), რომლებიც იწვევენ ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, პერისტალტიკის გაძლიერებასა და ორგანიზმის ინტოქსიკაციას. კუჭისმიერი დისპეფსია აღინიშნება აქლორჰიდრიისა და აქილიის დროს, საყლაპავის ხანგრძლივი დეკომპენსირებული სტენოზების, ატროფიული გასტრიტის, კუჭის კიბოს დროს. ხასიათდება სიმძიმის, ეპიგასტრიუმში ზეწოლის ან გადავსების შეგრძნებით ჭამის შემდეგ, ხშირი ბოყინით, პირში არასასიამოვნო სუნით, გულისრევით, მადის დაქვეითებით; ხშირია აგრეთვე აქილიური ფაღარათები, მეტეორიზმი. ნაწლავური დისპეფსია აღინიშნება კუჭქვეშა ჯირკვლის შიგასეკრეტორული ფუნქციის უკარისობის, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებების და ა. შ. დროს. ხასიათდება მუცლის შებერვის გრძნობით, ყურყურით ნაწლავში, გაზების უხვი გამოყოფით, ფაღარათით ლპობითი ან მჟავე სუნიანი განავლით. კოპროლოგიური გამოკვლევისას ვლინდება სტატორეა, ამილორეა, კრეატორა, კიტარინორეა. რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება ბარიუმის დაჩქარებული პასაჟი წვრილ ნაწლავში. კუჭქვეშა ჯირკვლის შიგასეკრეტორული ფუნქციის გამოკვლევა, ასპირაციული ენტერობიოფსია, ენტეროკინაზას და ტუტე ფოსფატაზის განსაზღვრა ნაწლავის წვენში საშუალებას იძლევა დაზუსტდეს ნაწლავური დისპეფსიის მიზეზი. დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავის მიკროფლორის შესწავლას.
მკურნალობა. პირველ რიგში ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა. დიეტა, დამატებით ფერმენტული პრეპარატები, შემკვრელი ნივთიერებები.

კედლისმიერი საჭმლის მონელების უკმარისობა აღინიშნება წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ დისტროფიული, ანთებით – სკლეროზული ცლილებებით მისი ლორწოვანი გარსის, ხაოების სტრუქტურის ცვლილებებით და მათი რაოდენობის შემცირებით, ნაწლავური პერისტალტიკის დარღვევებით.
სიმპტომები ისეთივეა, როგორიც ნაწლავური დისპეფსიისა და შეწოვის უკმარისობის დროს. დიაგნოზის დადგენა ხდება ფერმენტების აქტიურობის განსაზღვრით;
მკურნალობა. ტარდება ძირითადი დაავადების, შეწოვის უკმარისობის სინდრომის მკურნალობა. სიმპტომურ თერაპიაში შედის ფერმენტული და შემკვრელი პრეპარატები.

_______________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

.