პაროდონტოზი

პაროდონტოზი parodontosis

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

პაროდონტოზი – პაროდონტის დისტროფიული ხასიათის ქრონიკული დაავადება; ვლინდება ღძილიდან სისხლდენით, კბილების მორყევით, მათი მდებარეობის შეცვლით, ალვეოლური მორჩის ატროფიით.

 

პაროდონტოზი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაკავშირებულია ადგილობრივი სისხლმიმოქცევის დარღვევებთან, ენდოკრინულ მოშლილობებთან. პაროდონტოზის განვითარებას ხელს უწყობს დიაბეტი, ღვიძლის ციროზი, კუჭის წყლულოვანი დაავადება და სხვა დაავადებები.

 

პაროდონტოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. საწყის პერიოდში აღინიშნება გაუბედავი ღეჭვა, ღრძილების ქავილი; ვლინდება კბილების მორყევა, არასასიამოვნო სუნი პირიდან, გემოს გაუკუღმართება; კბილები ინტაქტურია. აღინიშნება საკვების გაჭედვა კბილთაშუა შუალედებში, კბილის ყელის გაშიშვლება, შესაძლებელია სოლისებრი დეფექტები კბილებზე, კბილის გაშიშვლებული ყელის ჰიპერესთეზია. რენტგენოგრაფიულად – კბილთაშუა ძგიდეების დაწევა ოსტეოპოროზისა და ანთებითი დესტრუქციის ნიშნების გარეშე. ადრეული დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია ლაბორატორიული და ფუნქციური გამოკვლევები. სტაბილიზაციის სტადიაში პროცესი შესაძლოა არ პროგრესირებდეს მრავალი წლის განმავლობაში.

პაროდონტოზი –  მკურნალობა კომპლექსური, ინდივიდუალურია, განისაზღვრება დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებით, გართულებების ხასიათითა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარებით. ინიშნება ადგილობრივი სისხლმიმოქცევის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები (დარსონვალიზაცია, ვაკუუმ-მასაჟი, ჰიდრო – და აუტომასაჟი და ა. შ.). პათოლოგიური ოკლუზიის სალიკვიდაციოდ გამოიყენება ორთოპედიული ღონისძიებები. ინიშნება ვიტამინები, ანაბოლური პრეპარატები.

პაროდონტოზი –  პროგნოზი სტაბილური მიმდინარეობის დროს კეთილსაიმედოა, აქტიური მიმდინარეობის დროს ხდება კბილების ნაადრევი ამოვარდნა. პროფილაქტიკა – კბილის ქვის პერიოდული მოცილება და კბილების, პირის ღრუს სისტემატური მოვლა.


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები