მეზენტერული სისხლძარღვების მწვავე ოკლუზია

მეზენტერული სისხლძარღვების მწვავე ოკლუზია

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მეზენტერული სისხლძარღვების მწვავე ოკლუზია – მიზეზები: ემბოლია, თრომბოზი, მუცლის აორტის აშრევებადი ანევრიზმა, ტრავმა. ნაწლავის ნეკროზი შესაძლებელია წარმოიქმნას ასევე გულის წუთმოცულობის შემცირებისას კრიტიკულ დონეზე ქვევით, ჯორჯლის (მეზენტერული) სისხლძარღვების ოკლუზიის გარეშე. 90%-ში წარმოიქმნება ჯორჯლის ზედა არტერიის ოკლუზია, 10%-ში – ჯორჯლის ქვედა არტერიის. თრომბოზის დროს უფრო ხშირია ჯორჯლის ზედა არტერიის ძირითადი ღეროს ოკლუზია, რაც რთულდება მთლიანი წვრილი ნაწლავისა და კოლინჯის ნეკროზით ელენთის კუთხემდე. ემბოლიის დროს წარმოიქმნება სისხლძარღვის უფრო დისტალური ნაწილების ოკლუზია, ამასთან ნეკროზის ზონა ნაკლებია.

მეზენტერული სისხლძარღვების მწვავე ოკლუზიასიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადების კლინიკური სურათი დამოკიდებულია მისი დაწყების დროზე. გამოყოფენ 3 სტადიას: 1 – საწყისი სტადია: კლინიკურ სურათში პრევალირებს სიმპტომთა ტრიადა: ტკივილი მუცელში, შოკი და ფაღარათი. დამახასიათებელია შეუსაბამობა ავადმყოფის მძიმე ზოგად მდგომარეობასა და შედარებით მცირე ცვლილებებს შორის, რომლებიც ვლინდება მუცლის დათვალიერებით. სისხლის სურათი შეცვლილი არ არის. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება წვრილი ნაწლავის პნევმატიზაცია და კედლის გასქელება; სტადია გრძელდება 1 – 6 საათი. II სტადია (7 – 12 საათი): გამოხატული ტკივილი მუცელში, პალპაციით მზარდი მტკივნეულობა, თუმცა პერიტონული სიმპტომები არ აღინიშნება, ავადმყოფის მდგომარეობა თანდათანობით უარესდება. სწორი ნაწლავის თითით გამოკვლევისას ზოგჯერ ვლინდება სისხლიანი გამონადენი. სისხლში აღინიშნება ლეიკოციტოზი, რენტგენოლოგიური მონაცემები იგივეა; III სტადია – ნაწლავის ნეკროზის სტადია (12 საათის შემდეგ). ვლინდება პერიტონიტის და ნაწლავთა პარალიზური გაუვალობის სიმპტომატიკა, სისხლში – მაღალი ლეიკოციტოზი, მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევით – სითხეთა მრავლობითი დონეები.

მეზენტერული სისხლძარღვების მწვავე ოკლუზიადიაგნოსტიკა ეყრდნობა ანამნეზურ მონაცემებს, ემბოლიის წყაროს ძიებას (მოციმციმე არითმია, გულის რევმატიული მანკი), შოკის, ნაწლავის პარეზის კლინიკურ გამოვლინებებს. სასურველია ანგიოგრაფიული გამოკვლევა. გვიანი ოპერაციული ჩარევა განაპირობებს მძიმე გართულებების განვითარებას. დაავადების მესამე სტადიაში არტერიულ ოკლუზიას უერთდება მეზენტერული ვენური თრომბოზი. მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია. I სტადიაში ატარებენ ნაწლავის რევასკულარიზაციას თრომბის ამოღებით ან თრომბინექტომიით; II სტადიაში, ნაწლავის კედლის კეროვანი ნეკროზების არსებობისას, რევასკულარიზაციასთან ერთად ტარდება ნაწლავის რეზექცია; III სტადიაში – მხოლოდ ნაწლავთა მასიურმა რეზექციამ შეიძლება გადაარჩინოს ავადმყოფი; ოპერაციის შემდგომი ლეტალობაშეადგენს 90%-ს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები