გარეგანი სისხლდენა

გარეგანი სისხლდენა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

გარეგანი სისხლდენა სისხლდენა  დაზიანებული სისხლძარღვიდან ღია მექანიკური ტრავმის ან სისხლძარღვის კედლის განვლადობის დარღვევის შედეგად. სისხლდენა შეიძლება იყოს არტერიული, ვენური და კაპილარული. კაპილარულ სისხლდენას პარენქიმული ორგანოებიდან უწოდებენ პარენქიმატოზულს. სისხლდენის დროს საშიშია არა იმდენად ერითროციტების დაკარგვა, რამდენადაც ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება და ჰემოდინამიკური დარღვევები.

ალისფერი სისხლის ფანტანისებრი, პულსირებადი ნაკადი წარმოადგენს არტერიული სისხლდენის ნიშანს. სხეულის ზედა ნახევრის მსხვილი ვენებიდან სისხლდენის დროს სისხლი შესაძლებელია გამოედინებოდეს წყვეტილი ნაკადით, მაგრამ სინქრონულად სუნთქვასთან და არა პულსთან. არტერიული სისხლდენის დროს სისხლძარღვის გადაკვანძვა დაზიანების  ადგილიდან პროქსიმალურად, აჩერებს სისხლდენას, ხოლო ვენური სისხლდენის დროს – აძლიერებს მას. კაპილარული სისხლდენის დროს სისხლი მოდის თანაბრად, ჭრილობის მთლიანი ზედაპირიდან. გარეგანი სისხლდენის სიმძიმეს აფასებენ სისხლდენის ხასიათის (არტერიული, ვენური, კაპილარული), სისხლმდენი სისხლძარღვის სანათურის, სისხლის დაღვრის სიჩქარის მიხედვით. აღწერილია მეორადი სისხლდენები, რომლებიც განპირობებულია თრომბის მოწყვეტით დაზიანებული სისხლძარღვიდან, მაგალითად იმობილიზაციის დარღვევისას ავადყოფის ტრანსპორტირების დროს.

გარეგანი სისხლდენა მკურნალობა. არტერიული სისხლდენის დროებითი შეჩერება ხდება სისხლდენის შემაჩერებელი ჟგუტის დადებით. ვენური და კაპილარული სისხლდენის დროს ეფექტურია დამწოლი ნახვევი. ჟგუტის დადებას მიმართავენ კიდურებზე სისხლდენსა დროს და ადებენ ჭრილობის ადგილთან ახლოს. სუსტად დადებული ჟგუტი აძლიერებს სისხლდენას; ჟგუტის დადების ეფექტურობას განსაზღვრავენ სისხლდენის შეჩერების მიხედვით, კიდურის სიფერმკრთალით, პერიფერიაზე პულსისშეჩერებით. ჟგუტის დადება რეკომენდებულია არა უმეტეს 2 საათისა. აუცილებელია მისი დადების დროის აღნიშვნა. თავზე, კისერზე, კიდურების პროქსიმალურ ნაწილებზე, სადაც ჟგუტის დადება ტექნიკურად შეუძლებელია, ახდენენ არტერიაზე თითით დაწოლას დაზიანების ზევით მიმდებარე ძვალთან. თუმცა აღნიშნულის გაგრძელება შეუძლებელია 15 – 20 წუთზე მეტხანს. ეს მომენტი მნიშვნელოვანია ჟგუტის დადების მოსამზადებლად. სისხლდენის საბოლოო შეჩერება მიიღწევა სისხლმდენი სისხლძარღვის ორივე ბოლოს გადაკვანძვით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები