ზოლინგერ-ელისონის სინდრომი

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი Zollinger-Ellison syndrome

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლული; განპირობებულია ჰიპერგასტრინემიით, რომელიც წარმოიქმნება კუჭის ანტრალური ნაწილის G-უჯრედების ჰიპერპლაზიის დროს (სინდრომის პირველი ტიპი) ან კუჭქვეშა ჯირკვლის კუნძულოვანი აპარატის D-უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნით, რომლებიც აპროდუცირებენ გასტრინს (სინდრომის მეორე ტიპი – გასტრინომა). კუნძულოვანი აპარატის სიმსივნეთა დაახლოებით 60% ავთვისებიანია. ზოლინგერ-ელინსონის სინდრომით დაავადებულ ავადმყოფთა 25%-ში ვლინდება სხვა ენდოკრინული ჯირკვლების ადენომები – ფარისებრახლო ჯირკვლის, ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების (მრავლობითი ენდოკრინული ადენომატოზი).

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი მუცელში და დიარეა; ტკივილი ძალიან ინტენსიურია და არ ექვემდებარება ანტაციდურ თერაპიას. დიარეა პათოგენეტიკურად უკავშირდება მარილმჟავას ჰიპერსეკრეციას: მარილმჟავას სეკრეციის ხარისხი აღემატება მისი ნეიტრალიზაციის შესაძლებლობას თორმეტგოჯა ნაწლავში, მჟავე შიგთავსი გადადის მლივ ნაწლავში და იწვევს ენტერიტის განვითარებას. ფაღარათი დაკავშირებულია ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების ინაქტივაციასთან; გარდა ამისა, ჰიპერგასტრინემიის შედეგად ძლიერდება ნაწლავის პერისტალტიკა და მცირდება წყლის შეწოვა. წყლულოვანი დაავადების მიმდინარეობა ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს ძალიან მძიმეა: ხშირად წყლულები რთულდება სისხლდენით, პერფორაციით; წყლულოვანი დაავადების რეციდივები წარმოიქმნება ოპერაციული მკურნალობის შემდეგაც კი. წყლულების ლოკალიზაცია ასეთ დროს მრავალფეროვანია.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი დიაგნოსტიკის ყველაზე სარწმუნო მეთოდია სისხლის პლაზმაში გასტრინის რადიოიმუნოქიმიური განსაზღვრა. თუკი ჯანმრთელ ადამიანში გასტრინის შემცველობა სისხლის პლაზმაში შეადგენს 50 – 200 მკ/მლ, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს – მან შესაძლოა გადააჭარბოს 500 პგ/მლ-ს. გასტრინის სიმულაცია კალციუმის ან სეროტონინის დახმარებით საშუალებას იძლევა სინდრომის პირველი და მეორე ტიპების დიფერენცირებისა.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი მკურნალობა: პირველი ტიპის სინდრომის დროს ნაჩვენებია კუჭის ანტრალური ნაწილის რეზექცია. მეორე ტიპის დროს ხდება გასტრინომის ძებნა და მისი ამოკვეთა. თუმცა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია, ვინაიდან ავადმყოფთა დაახლოებით 20%-ს აღენიშნება მიკროადენომატოზი და კუნძულოვანი D-უჯრედების ჰიპერპლაზია. ამიტომ მხოლოდ მთლიანი კუჭის ამოკვეთა (გასტრექტომია) საშუალებას იძლევა სრულად იქნას ლიკვიდირებული წყლულების რეციდივები.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი –  პროგნოზიძალიან სერიოზულია.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 


ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ზოლინგერ ელინსონის სინდრომი – სიმსივნური დაავადება, რომელიც ხასიათდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის წყლულებითა და კუჭქვეშა ჯირკვლის ადენომით; გამოვლინებებია: ძნელად შეხორცებადი წყლულები (უპირატესად თორმეტგოჯა ნაწლავისა), ეზოფაგიტი, ფაღართი, სტეატორეა, სიგამხდრე. მკურნალობა: მუდმივი ანტისეკრეტორული თერაპია, სიმსივნის ლოკალიზაციის დადგენის შემთხვევაში – ქირურგიული მკურნალობა. ზოლინგერ – ელისონის სინდრომი – სინდრომი, რომლის დროსაც ერთდროულად აღინიშნება კუჭისა და 12 – გოჯა ნაწლავის წყლული და კუჭქვეშა ჯირკვლის ადენომა.

.