სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შემთხვევათა 85%-ში სისხლდენის წყარო ლოკალიზებულია საყლაპავში, კუჭში ან თორმეტგოჯა ნაწილავში, 14%-ში – კოლინჯში, 1%-ში – წვრილ ნაწლავში. სისხლდენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილიდან შესაძლებელია განპირობებული იყოს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით (68%), საყლაპავისა და კუჭის კარდიული ნაწილის ვენების ვარიკოზული გაფართოებით (12%), ეროზიული გასტრიტით, მალორი-ვეისის სინდრომით, პოლიპებით, სიმსივნეებით და სხვ. (20%). წვრილი და მსხვილი ნაწლავებიდან სისხლდენა შესაძლებელია გამოწვეული იყოს დივერტიკულებით, პოლიპებით, კიბოთი, სარკომით, ანგიომით, მიომით, კარცინომით, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტით, კრონის დაავადებით, მეზენტერული სისხლძარღვების, ან აორტის ანევრიზმის გასკდომით, მეზენტერული სისხლძარღვების თრომბოზებითა და ემბოლიებით.

სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სიმპტომები განპირობებულია სისხლდენის ადგილობრივი გამოვლინებებით (,,ყავის ნალექიანი” ღებინება ან კუპრისებრი განავალი) და ზოგადი მოვლენებით, გამოწვეული ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირებით. სისხლდენის ადგილობრივი გამოვლინებებია: სისხლდენის წყაროს ლოკალიზაციისას კუჭის პროქსიმალურ ნაწილში წარმოიქმნება ღებინება, თავდაპირველად ,,ყავის ნალექით”, შემდეგ კი შეუცვლელი სისხლით. სისხლდენის წყაროს ლოკალიზაციისას კუჭის პრეპილორულ და ანტრალურ ნაწილებში, ვლინდება მხოლოდ ,,ყავის ნალექიანი” ღებინება; პოსტპილორული წყაროს შემთხვევაში დამახასიათებელია კუპრისებრი განავალი; ღებინება ,,ყავის ნალექით” არ აღინიშნება, თუკი არ ხდება სისხლის მასიური გადასროლა კუჭში.

წვრილი ნაწლავიდან და კოლინჯის მარჯვენა ნახევარიდან სისხლდენის დროს განავალი შეიცავს მუქი ფერის სისხლს. სისხლდენა კოლინჯის მარცხენა ნაწილიდან მიმდინარეობს უცვლელი სისხლის გამოყოფით. მასიური სისხლდენები ხშირად ვლინდება გულის წასვლით, ტაქიკარდიით, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემით კოლაფსის განვითარებამდე. სისხლდენის პირველ საათებში მისი სიმძიმის ხარისხზე მსჯელობა შეიძლება ჰემატოკრიტის დონისა და ცირკულირებადი სისხლის დეფიციტის მიხედვით. პერიფერიულ სისხლში ერითროციტების რაოდენობისა და ჰემოგლობინის დონის დაქვეითება ხდება 12 – 24 საათის შემდეგ.

მკურნალობა ითვალისწინებს რამდენიმე ღონისძიებას: 1. ცირკულირებადი სისხლისმოცულობის აღდგენა, ანუ ბრძოლა ჰიპოვოლემიურ შოკთან; 2. სისხლდენის წყაროსა და მისი ლოკალიზაციის დაზუსტება; 3. სისხლდენის საბოლოო შეჩერება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები