მექანიკური სიყვითლე

მექანიკური სიყვითლე mechanical jaundice

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მექანიკური სიყვითლე პათოლოგიური სინდრომი, რომელიც განპირობებულია ნაღვლის გამოდენის დარღვევით ნაღვლის სადინრებიდან. მექანიკური სიყვითლის მიზეზებია: განვითარების მანკები (ატრეზიები, ქოლედოქის ცისტები, თორმეტგოჯა ნაწლავის დივერტიკულები, ნაღვლის სადინრების ჰიპოპლაზია); ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, ნაღვლის საერთო და ღვიძლის სადინრების დაცობა კენჭებით, ანთებითი სტრიქტურები და სტენოზები (ნაღვლის სადინრების სტრიქტურები, ანთებითი ან ნაწიბუროვანი პაპილოსტენოზი); ანთებითი დაავადებები (მწვავე ქოლეცისტიტი, პერიქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პანკრეატიტი, ალვეოლური ექონოკოკოზი ღვიძლის კარის მიდამოში); სიმსივნეები (ნაღვლის სადინრების პაპილომატოზი, ღვიძლისა და ნაღვლის საერთო სადინრების, თორმეტგოჯა ნაწლავის დვრილის, კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბო, ღვიძლის კარის მეტასტაზები და ლიმფომები).

სადინრების დაცობა იწვევს ნაღვლის მჟავების ცვლის მოშლას, რაც განაპირობებს კანის ქავილს. გარდა ამისა, ნაღველ-კენჭოვანი დაავადების დროს ხშირად ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია და ცხიმში ხსნადი ვიტამინების შეწოვის უკმარისობა, უპირველეს ყოვლისა К ვიტამინის, ზოგჯერ შესაძლოა განვითარდეს ჰიპოპროტეინემიაც. ნაღვლის შეგუბება, განსაკუთრებით კი ჩირქოვან ქოლანგიტან ერთად, იწვევს ღვიძლის ფუნქციის მკვეთრ დარღვევასა და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარებას. კლინიკური სიყვითლე ვლინდება სისხლის შრატში ბილირუბინის დონის მომატებისას 1,5 მგ% (26 მმოლ/ლ)-ზე ზევით. ამასთან, მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ რომელ სიყვითლესთან გვაქვს საქმე – მექანიკურთან, თუ პრე – და ღვიძლიშიგა სიყვითლესთან. ყველა გამოკვლევა მიმართულია ამ საკითხის გადასაწყვეტად. შემდეგი საკითხია – მექანიკური სიყვითლის მიზეზის დადგენა. პირველი საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენება სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევები, კერძოდ ბილირუბინის დონის განსაზღვრა და მისი ფრაქციების შესაბამისობა; პირდაპირი ფრაქციის სიჭარბე დამახასიათებელია მექანიკური სიყვითლისათვის; ტარდება ასევე სისხლის შრატის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზის გამოკვლევა (მათი მომატება დამახასიათებელია პარენქიმული სიყვითლისათვის). პერორული და ინტრავენური ქოლეცისტოგრაფია მექანიკური სიყვითლის დროს არ გამოიყენება, ვინაიდან ღვიძლის ელიმინაციური ფუნქციის მკვეთრი დაქვეითების გამო იგი ვერ იძლევა ვერანაირ ინფორმაციას. განსაკუთრებით ინფორმატიულია ულტრაბგერითი გამოკვლევა, ენდოსკოპიური რეტროგრადული პანკრეატოქოლანგიოგრაფია და სხვ. დამატებით მონაცემებს იძლევა ღვიძლის სკანირება, ღვიძლის ანგიოგრაფია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები