დემპინგ-სინდრომი

დემპინგ-სინდრომი jejunal [postgastrectomy] syndrome

დემპინგ-სინდრომი წარმოიქმნება ავადმყოფებში, რომელთაც ჩატარებული აქვთ კუჭის რეზექცია. გამოყოფენ ადრეულ და გვიან დემპინგ-სინდრომს. ადრეული დემპინგ-სინდრომი აღინიშნება ოპერირებულ ავამდყოფთა უმრავლესობაში ოპერაციის შემდგომ ახლო პერიოდში, შედარებით გვიანდელ პერიოდში – 30%-ში ვლინდება მსუბუქი ხარისხით და 10%-ში მძიმე ხარისხით. დემპინგ-სინდრომის სიხშირე დამოკიდებულია შესრულებული ოპერაციის ხასიათზე: იგი მაქსიმალურია რეზექციისას ბილროტ – I-ის მიხედვით, ნაკლებადაა გამოხატული ბილროტ II-ისა და ყველაზე ნაკლებად – ვაგოტომიის დროს. დემპინგ-რეაქციის განვითარების მიზეზია წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში გადაუმუშავებელი საკვების სწრაფი გადასვლა, რაც იწვევს ნაწლავის სანათურში უჯრედგარეთა სითხის გადანაცვლებას, ნაწლავის კედლის გაჭიმვასა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების გამოყოფას: ჰისტამინის, სეროტონინის, კინინების. ამ პროცესების შედეგად ხდება ციკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, ვაზოდილატაცია, ძლიერდება ნაწლავთა პერისტალტიკა.

დემპინგ-სინდრომი სიმპტომები, მიმდინარეობა. საკვების მიღებიდან 10-15 წუთის შემდეგ, განსაკუთრებით ტკბილი და რძის პროდუქტების მიღებისას, ვლინდება სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი, ოფლიანობა, სიცხის შეგრძნება. ამასთან ერთად ეპიგასტრიუმში აღინიშნება სიმძიმის გრძნობა და ტკივილი, ყურყური, კოლიკისებრი ტკივილი და ფაღარათი. გამოხატული დემპინგ-სინდრომის დროს ავადმყოფები იძულებულები არიან ჭამის შემდეგ მიიღონ ჰორიზონტალური მდებარეობა.

გვიანი დემპინგ-სინდრომი (ჰიპოგლიკემიური) ვითარდება საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ. იგი დაკავშირებულია ინსულინის ჭარბ გამოყოფასთან ადრეული დემპინგ-სინდრომის დროს, რასაც თან ახლავს სისხლში შაქრის მომატება. მატულობს ინსულინისა და ქვეითდება შაქრის დონე სუბნორმალურ ციფრებამდე.

დემპინგ-სინდრომი სიმპტომები. სისუსტე, შიმშილის ძლიერი გრძნობა, მწვავე ტკივილი ეპიგასტრიუმში, კანკალი, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, არეტრიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, სიფერმკრთალე, ოფლიანობა. ეს სიმპტომები სწრაფად გაივლის საკვების მცირე რაოდენობით მიღების შემდეგ, განსკუთრებით ნახშირწყლების. ავადმყოფები ხშირად თან ატარებენ შაქარს, ნამცხვარს და ჰიპერგლიკემიის პირველივე სიმპტომებისას ღებულობენ მათ. დიაგნოზი ეყრდნობა ტიპიურ კლინიკურ სიმპტომებს, შეტევის დროს სისხლში შაქრის დონის დაწევას.

დემპინგ-სინდრომის კლასიფიკაცია სიმძიმის ხარისხის მიხედვით: მსუბუქი დემპინგ-რეაქცია წარმოიქმნება მხოლოდ რძისა და ტკბილი პროდუქტების მიღების შემდეგ. იგი ხასიათდება უმნიშვნელო სისუსტით, პულსის გახშირებით 10-15 დარტყმადე წუთში. შეტევა გრძელდება ნახევარ საათამდე, სხეულის მასის დეფიციტი შეადგენს არა უმეტეს 5 კგ-ს, შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია; საშუალო დემპინგ-რეაქცია წარმოიქმნება ნებისმიერი სახის საკვების მიღების დროს; რეაქციის მაქსიმუმის მომენტში ავადმყოფი იძულებულია დაწვეს, პულსი ხშირდება წუთში 20-30-ით, არტერიული წნევა მიდრეკილია სისტოლური წნევის მომატებისაკენ. შეტევა გრძელდება დაახლოებით 1 საათი; მასის დეფიციტი შეადგენს 10 კგ-ს, შრომისუნარიანობა დაქვეითებულია; მძიმე დემპინგ-სინდრომი ვითარდება ნებისმიერი საკვების მიღებისას; ავადმყოფები საკვებს ღებულობენ მწოლიარე მდგომარეობაში და რჩებიან ჰორიზონტალურ მდებარეობაში 2-3 საათის განმავლობაში საკვების მიღებიდან; პულსი ხშირდება წუთში 30 დარტყმამდე, არტერიული წნევა ლაბილურია, ზოგჯერ აღინიშნება ბრადიკარდია, ჰიპოტენზია, კოლაფსი. სხეულის მასის დეფიციტი შეადგენს 10 კგ-ზე მეტს, შრომისუნარიანობა ძლიერ დაქვეითებულია.

დემპინგ-სინდრომი მკურნალობა შეიძლება იყოს კონსერვატიული და ქირურგიული. კონსერვატიული მკურნალობა: დიეტა ცილების მაღალი შემცველობით, ნახშირწყლების შეზღუდვით. ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ შედარებით იშვიათად. იგი ნაჩვენებია მძიმე ხარისხის დემპინგ-სინდრმის დროს სამკურნალო კვებისა და ხანგრძლივი მედიკამენტოზური მკურნალობის არაეფექტურობის დროს.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

2. ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დემპინგ – სინდრომი – ოპერირებული კუჭის სინდრომი. უვითარდება ზოგიერთ ავადმყოფს კუჭის ნაწილობრივი ან სრული ამოკვეთის შემდეგ. განპირობებულია საკვების დაჩქარებული ევაკუაციით ნაწლავში, სისხლში შაქრის კონცენტრაციის დაქვეითებით. ვლინდება საკვების მიღების შემდეგ წარმოქმნილი სისუსტით, თავბრუსხევეით, გულისრევით, გულის ფრიალით. მკურნალობა: მცირე პორციებით კვება, სითხის მიღების შეზღუდვა, ფერმენტები, გასტროცეპინი, იმოდიუმი და სხვ.

.