დივერტიკულები

დივერტიკულები diverticula

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

დივერტიკულები ლორწოვანი გარსისა და ლორწქვეშა შრის პარკისებრი გამობერვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთოვანი შრის დეფექტებში. დივერტიკული შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. შეძენილი დივერტიკულები ვითარდება  ანთებითი ცვლილებების შედეგად.

საყლაპავის დივერტიკული ლოკალიზდება კისრის განყოფილებაში (70%), ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე (20%) და დიაფრაგმის ზევით (10%). ბიფურკაციური დივერტიკულები მიეკუთვნება ტრაქციულს, დანარჩენი – პულსურს. დივერტიკულების დიაგნოსტიკის დროს ხშირად მიმართავენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას; ენდოსკოპიური გამოკვლევა ტარდება ჩვენების მიხედვით და გარკვეული სიფრთხილით (შესაძლებელია დივერტიკულის პერფორაცია).

ბიფურკაციული დივერტიკული წარმოადგენს ტრაქციულ დივერტიკულს; წარმოიქმნება უპირატესად მეზობელი ორგანოების ანთებითი პროცესების შედეგად, მაგალითად, ლიმფური კვანძებისა და გრანულომების დანაწიბურებით.

ბიფურკაციული დივერტიკული კლინიკური სურათი ანალოგიურია კისრის ნაწილის დივერტიკულისა და პროვოცირდება ვალსაპიევის სიმპტომით (მუცლის პრესის დაჭიმულობა მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ). საკვების შეჩერება დივერტიკულში იწვევს დივერტიკულიტისა და პერიდივერტიკულიტის განვითარებას; ეს უკანასკნელი შესაძლებელია გართულდეს დივერტიკულის პერფორაციით ტრაქეაში, რის გამოც ვითარდება ასპირაციული პნევმონია და ფილტვის აბსცესი. ამიტომ, დივერტიკულის ნებისმიერი სახის დროს, რომელიც აწუხებს ავადმყოფს, ან მატულობს ზომებში, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

ეპიფრენალური დივერტიკული ლოკალიზებულია საყლაპავის ქვედა მესამედში, დიაფრაგმის საყლაპავისეული  ხვრელის ზევით. ყველაზე უფრო ხშირად იგი გამოდის საყლაპავის მარჯვენა კედლიდან, მაგრამ იზრდება მარცხნივ.

ეპიფრენალური დივერტიკული სიმპტომები. ტკივილი, რომელიც განპირობებულია დივერტიკულში წნევის მომატებით, დისფაგია. გართულებები – ეზოფაგიტი, პერფორაცია (დივერტიკულიტის დროს).

ეპიფრენალური დივერტიკული დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კარდიოსპაზმთან, პარაეზოფაგულ თიაქართან და საყლაპავის კიბოსთან. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია დიდი ზომის დივერტიკულების დროს, რომლებიც მიდრეკილნი არიან გართულებებისაკენ. ლეტალობა 3%-ზე ნაკლებია. პროგნოზი – კეთილსაიმედოა.

კუჭის დივერტიკული კუჭის დივერტიკულები საკმაოდ იშვიათია, ხშირად ლოკალიზებულია სუბკარდიული ნაწილის უკანა კედელზე, მცირე სიმრუდესთან ახლოს.

კუჭის დივერტიკული კლინიკური გამოვლინებები წარმოიქმნება დივერტიკულის ანთების დროს; მოგვაგონებს წყლულოვან დაავადებას. დიაგნოზი ეფუძნება რენტგენოლოგიურ გამოკვლევებსა და ფიბროგასტროსკოპიას.

კუჭის დივერტიკული მკურნალობა ნაჩვენებია ჩივილების არსებობისას; ტარდება დივერტიკულის ამოკვეთა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

თორმეტჯოგა ნაწლავის დივერტიკული – უმეტესწილად თანდაყოლილია; მათგან მხოლოდ 5%-ს ახლავს კლინიკური გამოვლინებები. ლოკალიზდება ნაწლავის შიგნითა ზედაპირზე. დივერტიკული შესაძლოა იყოს ერთეული ან მრავლობითი.

თორმეტჯოგა ნაწლავის დივერტიკული –  სიმპტომები. კლინიკური გამოვლინებები წარმოიქმნება მხოლოდ გართულებების დროს. ზედა ჰორიზონტალური ნაწილის დივერტიკული ვლინდება წყლულოვანი დაავადების სიმპტომატიკით, რაც უკავშირდება დივერტიკულში მჟავე შიგთავსის მოხვედრასა და მასში ეროზიებისა და წყლულების წარმოქმნას. ნაწლავის დასწვრივი ნაწილის დივერტიკულმა მასში ანთების წარმოქმნის დროს შესაძლებელია განაპირობოს თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის კოპრესია (ფატერის დვრილი), შემდგომი ქოლანგიტის, პანკრეატიტის, მექანიკური სიყვითლის განვითარებით. შესაძლებელია მოხდეს ანთების გავრცელება კუჭქვეშა ჯირკვალზე, ქრონიკული პანკრეატიტის განვითარებით.

თორმეტჯოგა ნაწლავის დივერტიკული –  კლინიკური სურათი: ტკივილი მუცლის მარჯვენა ნახევარში, სიმძიმის გრძნობა, გულისრევა, ღებინება, სისხლდენა, შესაძლებელია სიყვითლე. ქვედა ჰორიზონტალური ნაწილის დივერტიკულმა შესაძლებელია გამოიწვიოს ზეწოლა თორმეტგოჯა ნაწლავზე და მისი გაუვალობა.

თორმეტჯოგა ნაწლავის დივერტიკული –  დიაგნოზი ეყრდნობა დამახასიათებელ კლინიკურ სურათს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, გასტროდუოდენოსკოპიას.

თორმეტჯოგა ნაწლავის დივერტიკული –  მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია. იგი მიმართულია დივერტიკულიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისაკენ. მყარი მორეციდივე მიმდინარეობის, ასევე დივერტიკულის დიდი ზომების დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

მეკელის დივერტიკული წარმოადგენს ნაწლავის თანდაყოლილ დივერტიკულს; გვხვდება მოსახლეობის 2-3%-ში. მდებარეობს თეძოს ნაწლავის ჯორჯლის წინა ზედაპირზე, ილეოცეკალური კუთხიდან 60-100 სმ-ის დაცილებით. ეს არის ჭეშმარიტი დივერტიკული, მის კედელში ნახულობენ ნაწლავის ყველა შრეს, შესაძლებელია ასევე კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის ექტოპირებული ქსოვილის, მსხვილი ნაწლავის ეპითელის კუნძულების არსებობაც.

მეკელის დივერტიკულისიმპტომები. გაურთულებელი დივერტიკული მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ავადმყოფთა ნახევარი 10 წელზე უმცროსი ასაკისაა, ნახევარი კი 30 წელზე ახალგაზრდაა. ზოგჯერ პირველი სიმპტომია სისხლდენა ნაწლავიდან, რომლის წყაროა კუჭის ექტოპირებული ლორწოვანი გარსის წყლული. წარმოქმნილმა დივერტიკულმა შესაძლებელია სიმულირება მისცეს მწვავე აპენდიციტის განვითარებას; ამასთან, ოპერაციამდელი დიაგნოსტიკა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ აპენდექტომიის დროს, როდესავ ვლინდება ჭიანაწლავის ცვლილებების შეუსაბამობა კლინიკურ სურათთან, აუცილებელია ჩატარდეს თეძოს ნაწლავის რევიზია. სხვა გართულებებია: პერფორაცია მუცლის ღრუში და პერიტონიტის განვითარება, ნაწლავთა გაუვალობა, კუჭის ექტოპირებული ლორწოვანი გარსის მალიგნიზაცია და კიბო განვითარება. შესაძლებელია რამდენიმე გართულების ერთდროული არსებობაც. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი – წარმოქმნას უკავშირებენ კოლინჯის დისტალურ ნაწილებში სეგმენტული წნევის ხანგრძლივ მატებას,  რომელიც ვითარდება ნაწლავის კედლის შემაერთებელქსოვილოვანი და კუნთოვანი ელემენტების ასაკობრივი დისტროფიული ცვლილებების ფონზე. განავლოვანი მასების შეჩერება დივერტიკულებში იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმირებას, ანთებითი პროცესის განვითარებას (დივერტიკულიტი), რომელიც ვრცელდება ნაწლავის კედლის მიმდებარე ნაწილებზე და გარემომცველ ქსოვილებზე. დივერტიკულიტს შესაძლოა თან ახლდეს ლორწოვანი გარსის დაწყლულება (სისხლდენა) ან დივერტიკულის პერფორაცია. შედეგად მოსალოდნელია განვითარდეს პერიტონიტი, ნაწლავის ირგვლივი ანთებითი ინფილტრატები. მწვავე პროცესის ჩაცხრომის შემდეგ წარმოიქმნება ქსოვილთა მასიური ნაწიბუროვანი ცვლილებები, რომლებიც განაპირობებენ ნაწლავის სტრიქტურების წარმოქმნას.

მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი სიმპტომები, მიმდინარეობა. დივერტიკულოზს დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელია არ ჰქონდეს არანაირი კლინიკური გამოვლინება ან მიმდინარეობდეს კოლიტის სახით; შესაძლებელია განვითარდეს ძლიერი სისხლდენა. მწვავე დივერტიკულიტის დროს ვლინდება მკვეთრი ტკივილი, პერიტონეალური მოვლენები, მტკივნეული ინფილტრატები უპირატესად მუცლის მარცხენა ნახევარში, სხეულის ტემპერატურის მომატება, შემცივნება, არაიშვიათად დიზურია.

მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი დიაგნოზი გართულებულია; დაზუსტება ხდება ირიგოსკოპიით, ასევე კოლონოსკოპიით. ყველაზე უფრო ხშირად ზიანდება სიგმოიდური ნაწლავი. დივერტიკულოზის დროს მწვავე მოვლენები მიდრეკილნი არიან რეციდივებისაკენ.

მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი მკურნალობა უპირატესად კონსერვატიულია და მიმართულია კუჭის მოქმედების ნორმალიზაციისა და სპასტიკური და ანთებითი ცლილებების მოხსნისაკენ. სისხლდენისას ნაჩვენებია ჰემოსტატური თერაპია; ოპერაცია ტარდება მხოლოდ პროფუზული სისხლდენის დროს.

პროგნოზი ავადმყოფთა უმრავლესობაში სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა, თუმცა დაავადება ყოველთვის პროგრესირებს და რიგ ავადმყოფებში იწვევს სერიოზულ გართულეებს. ქირურგიული ჩარევას ხშირად თან ახლავს გართულებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები