ფილტვის აბსცესი

ფილტვის აბსცესი lung abscess

ფილტვის აბსცესი (lung abscess)ფილტვის პარენქიმის ჩირქოვანი განლევა (გალღობა). ყველაზე უფრო ხშირი მიზეზიებია: პნევმონია, რომელიც გამოწვეულია სტაფილოკოკებით, კლებსიელებით, ანაერობებით, ასევე კონტაქტური ემპიემა პლევრის ემპიემის დროს, დიაფრაგმისქვეშა აბსცესი, უცხო სხეულების, ინფიცირებული შემცველობების ასპირაცია და სხვ. არაპირდაპირ მიზეზებს მიეკუთვნება სეპტიკური ემბოლიები, რომლებიც ხვდებიან ჰემატოგენურად ოსტეომიელიტის, გონიტის, პროსტატიტის კერებიდან, იშვიათად აღინიშნება ინფექციის გავრცელების ლიმფოგენური გზა – ზედა ტუჩის ფურუნკულებიდან, პირის ღრუს ფსკერის ფლეგონებიდან. მრავლობითი აბსცესები, ხშირად ორმხრივი, წარმოიქმნება სეპტიკოპიემიის დროს. ფილტვის აბსცესი შესაძლებელია წარმოადგენდეს ფილტვის ინფარქტის გართულებას, ფილტვში სიმსივნის დაშლის შედეგს. მწვავე აბსცესი, ფილტვის ქსოვილის პერიფოკალური ანთებითი ინფილტრაციით შესაძლებელია გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში, მკვრივი პიოგენური გარსის წარმოქმნით.

ფილტვის აბსცესი  – სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩირქოვან-რეზორბციული ცხელების ნიშნები, ჰექტიური ტემპერატურა, ქოშინი, ლოკალური ტკივილი სუნთქვის დროს, მყეფავი ხველის პაროქსიზმები. აუსკულტაციით: ბრონქული სუნთქვა, სხვადასხვა კალიბრის ხიხინი. დამახასიათებელია სამშრიანი ნახველი: მოყვითალო ლორწო, წყლიანი შრე, ფსკერზე – ჩირქი. სისხლშილეიკოციტოზი ფორმულის მარცხნივ გადახრით, ანემია, ჰიპოალბუმინემია და დისპროტეინემია. შესაძლებელია მოხდეს ჩირქგროვის გახსნა ახლომდებარე ბრონქების ღრუში, რომლის ნიშანია დიდი რაოდენობის ცუდსუნიანი ნახველის უეცარი (სავსე პირით) გამოყოფა. გართულებებია: პერფორაცია პლევრის ღრუში, პლევრის ემპიემის წარმოქმნით.

დიაგნოზი საბოლოო დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევით პირდაპირ და გვერდით პროექციებში. შედარებით ინფორმატიულია კომპიუტერული რენტგენული ტომოგრაფია.

ფილტვის აბსცესი  – მკურნალობა ტარდება სტაციონარში: პოსტურალური დრენაჟი, ბრონქოსკოპური სანაცია, ანტიბიოტიკოთერაპია; ქირურგიული მკურნალობა ნაჩვენებია მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობის არაეფექტურობის დროს.

ფილტვის აბსცესი  პროგნოზი კეთილსაიმედოა: უმრავლეს შემთხვევაში აღინიშნება აბსცესის ღრუს ობლიტერაცია და ავადმყოფის გამოჯანმრთელება. აუცილებელია რენტგენოლოგიური კონტროლი გამოჯანმრთელებიდან 3 და 6 თვის შემდეგ.

ქირურგიული დაავადებები 

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.