ღვიძლის აბსცესი

ღვიძლის აბსცესი liver abscess

ღვიძლის აბსცესი – პიოგენური აბსცესები ანტიბიოტიკოთერაპიის ფართო გამოყენების შემდეგ საკმაო იშვიათად გვხვდება. ღვიძლის აბსცესი შეიძლება წარმოიქმნას: აღმავალი ბილიარული ინფექციით; ჰემატოგენურად – სეფსისის დროს ინფექციის გავრცელებით კარის ვენის სისტემით ან ღვიძლის არტერიის გავლით; ინფექციის პირდაპირი გავრცელებით მუცლის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს; ღვიძლის ტრავმების დროს. უმრავლეს შემთხვევაში ღვიძლის აბსცესი წარმოადგენს ჩირქოვანი ქოლანგიტის შედეგს, რომელიც წარმოიქმნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების

ან ნაღვლის სადინრების კიბო დროს. სხვა მიზეზები შესაძლოა იყოს სეფსისი, პილეფლებიტი და სხვ. პიოგენური აბსცესი უმრავლეს შემთხვევაში მრავლობითია. ერთეული აბსცესი ხშირად ლოკალიზებულია ღვიძლის მარჯვენა წილში. ღვიძლში ბაქტერიულ ფლორას ავლენენ დაახლოებით 50%-ში. სეფსისის დროს ამოითესება ოქროსფერი სტაფილოკოკი, ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ბილიარული აბსცესის დროს ვლინდება ნაწლავის ჩხირი ან შერეული ფლორა.

ღვიძლის აბსცესი – სიმპტომები, მიმდინარება. ღვიძლის აბსცესი ყოველთვის არის მეორადი დაავადება. ძირითადი დაავადების კლინიკური გამოვლინებების ფონზე ტემპერატურა იძენს ინტერმიტირებად ან ჰექტიურ ხასიათს; ვლინდება შემცივნება, ოფლიანობა, გულისრევა, ქვეითდება მადა. ტკივილი შედარებით გვიან წარმოიქმნება მხოლოდ ერთეული დიდი ზომის აბსცესების დროს. ხშირად დიდდება ღვიძლი და აღინიშნება მისი კიდეების მტკივნეულობა პალპაციის დროს, ასევე კანისა და სკლერების იქტერულობა. სისხლის ანალიზში – მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით, ანემია. სისხლის დათესვისას დაავადების გამომწვევი ვლინდება დაახლოებით 30%-ში, ხშირად სეპტიკური წარმოშობის აბსცესის დროს. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს ვლინდება დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის მაღლა დგომა და მოძრაობის შეზღუდვა. შესაძლებელია სითხის დაგროვება პლევრის სინუსში; დიაგნოსტიკაში გვეხმარება ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ასევე ღვიძლის სკანირება. მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია მიკროფლორის მგრძნობელობის გათვალისწინებით; ერთეული დიდი ზომის ან რამდენიმე მსხვილი აბსცესის დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა – ჩირქგროვის გახსნა და დრენირება.

ღვიძლის აბსცესი – გართულებები: სეფსისი, დიაფრაგმისქვეშა აბსცესი, აბსცესის გახსნა თავისუფალ მუცლის ან პლევრის ღრუში, პლევრისემპიემა, ჩირქოვანი პერიკარდიტი. პროგნოზი ყოველთვის სეიოზულია. ერთეული დიდი ზომის აბსცესების დროს დროულად ჩატარებული მკურნალობისას გამოჯანმრთელება აღინიშნება ავადმყოფთა 90%-ში. მრავლობითი და არადრენირებული ერთეული აბსცესები თითქმის ყოველთვის მთავრდება ლეტალობით.

ქირურგიული დაავადებები 


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.