არტერიულ-ვენური ანევრიზმა

არტერიულ-ვენური ანევრიზმა

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

არტერიულ-ვენური ანევრიზმა – პათოლოგიური შენაერთი არტერიასა და ვენას შორის. განსხვავებით ფიზიოლოგიური არტერიულ-ვენური ანასტომოზისაგან, არტერიულ-ვენური ანევრიზმის დროს არ არსებობს ჩამკეტი მექანიზმი და მისი ფუნქციის ფიზიოლოგიური რეგულაცია. არეტერიულ-ვენური ანევრიზმები შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი (ბოტალოს სადინარი, პარქს ვებერის დაავადება არტერიასა და ვენას შორის მასიური ჰემანგიომატოზური ზონების წარმოქმნით და სხვ.). შეძენილი ანევრიზმები გვხვდება შედარებით ხშირად (80%); მათ განაპირობებს არტერიებისა და ვენების ტრავმები, არტერიული ანევრიზმების გასკდომა, იშვიათად სისხლძარღვის კედლის ბიოფსია ან არტერიულ-ვენური შუნტის დადება ჰემოდიალიზის ჩასატარებლად.

არტერიასა და ვენას შორის შეერთება შესაძლებელია მოხდეს ანევრიზმული პარკის წარმოქმნით ან მის გარეშე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ლაპარაკობენ არტერიულ-ვენურ ფისტულაზე. ასეთი ფისტულები შესაძლებელია იყოს ერთეული ან მრავლობითი, გულთან ახლოს, ან პერიფერიაზე. ფისტულის ფუნქციური ზეგავლენა გულსა და მსხვილ სისხლძარღვებზე დამოკიდებულია ლოკალიზაციაზე და მისი გავლით სისხლმიმოქცევის ხარისხზე. სისხლის დანაკარგი ფისტულის არტერიული მუხლიდან ვენურში მით მეტია, რაც მეტია ფისტულის დიამეტრი და რაც უფრო ახლოსაა გულთან. სისხლის გადასროლა არტერიიდან ვენაში იწვევს მარჯვენა გულის გადატვირთვას. პერიფერიაზე სისხლმიმოქცევის უკმარისობის კომპენსირება ხდება გულის წუთმოცულობის გაზრდით, პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმითა და ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდით.

არტერიულ-ვენური ანევრიზმა სიმპტომები, მიმდინარეობა. პალპირებადი პულსირებადი სიმსივნე, დამახასიათებელი ხმა ფისტულის ზევით, პროქსიმალური ვენების გაფართოება პულსირებადი ვარიკოზული კვანძებით, არტერიის პროქსიმალური ნაწილის გაფართოება დამატებითი მარყუჟების წარმოქმნით; პერიფერიული ფისტულები იწვევენ ქრონიკული არტერიული უკმარისობის სიმპტომების განვითარებას.

გართულებები: მარჯვენაპარკუჭოვანი უკმარისობა, კიდურების ვარიკოზული ან იშემიური წყლულები, შეშუპებები, შეგუბებითი დერმატიტი.

არტერიულ-ვენური ანევრიზმა მკურნალობა. მხოლოდ ოპერაციულია; მისი მიზანია ფისტულის ლიკვიდაცია, სისხლმიმოქცევის აღდგენა არეტერიასა და ვენაში.

არტერიულ-ვენური ანევრიზმა პროგნოზი დროულად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა. რაც უფრო ადრეა დაწყებული ოპერაციული კორექცია, მით ნაკლებია და მეტად შექცევადია სისხლმიმოქცევის დარღვევები და მიოკარდისცვლილებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები